ანუ რატომ არის წყალი უალტერნატივო პრევენციული საშუალება ჩვენი ჯანმრთელობისათვის
რეზონანსი
08.03.2020

წყალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეს თეზა მსოფლიო ცივილიზაციას საკმაოდ კარგად აქვს გათავისებული. სასმელი წყლის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ძველ ბერძენთათვის კოლონიების ადგილის შერჩევისას, წყლის მნიშვნელობაზეა შექმნილი ჩვენებური ცისკარას მითი, პირინეებზე არსებული მითრას ტრადიციებიც საინტერესოდ  აირეკლა ესპანურ კორიდაში. მსგავსი მაგალითები უამრავია. მაინც რა გახლავთ ის მიზეზი, ასე ანდამატივით რომ იზიდავს ადამიანს წყლისკენ? რატომ მოიაზრებენ ექიმები ჯანმრთელობის პრევენციულ საშუალებად ამ ჯადოსნურ სითხეს?

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.  

ექიმები მუდმივად მოგვიწოდებთ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის რეგულარულად მივიღოთ წყალი. საინტერესოა, რატომ არის აუცილებელი წყლის მიღება?

წყალს უმნიშვნელოვანეს როლი აკისრია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. წყლის რეგულარული მიღება გვაძლევს საშუალებას დღის ბოლომდე შევინარჩუნოთ ენერგია და არ დავიღალოთ.

ადამიანი დილით საკმაოდ დიდი რაოდენობით კარგავს სითხეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას. მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებს საშარდე სისტემა, რის შედეგადაც ყოველ დილით ორგანიზმიდან დაახლოებით 350-500 მლ სითხე  გამოიყოფა შარდის სახით. ბუნებრივია იბადება კითხვა - თუ ღამით სითხეს არ ვიღებთ, საიდან ჩნდება ამდენი, არც თუ მიზერული რაოდენობის სითხე? 

ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი და გამართული მექანიზმია. ეს პროცესიც სწორედ ამ მექანიზმის ნაწილია. შარდი არის ბიოლოგიური სითხე, რომელიც წარმოიქმნება თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ღამით სითხეს არ ვიღებს, შარდწარმოქმნის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, შედეგად ყოველ დილით გამოიყოფა სითხე (შარდი), რომელიც გამოდევნის ტოქსინებსა და მარილებს ჩვენი ორგანიზმიდან. 

სისხლი შედგება პლაზმის (სისხლის თხევადი ნაწილი) და ფორმიანი ელემენტებისგან (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და სხვა), შარდწარმოქმნის პროცესის შედეგად კი ერთგვარად იცვლება სისხლის საერთო სურათი, რადგან სითხის გამოყოფა პირდაპირ დაკავშირებულია პლაზმის შემცირებასა და გასქელებასთან, ეს ხელს უწყობს ფორმიანი ელემენტების ერთმანეთთან მიწებებას და ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკებს.

სწორედ ამ პროცესების გათვალისწინებით, მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ თრომბის წარმოქმნა. ამის გაკეთება საკმაოდ იოლია, მას არ სჭირდება ძვირადღირებული წამლების მოძიება, არც ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამისათვის სრულიად საკმარისია დილით გაღვიძებისთანავე ორი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება, რაც შეავსებს ჩვენს ორგანიზმში იმ დანაკარგს, რაც მთელი ღამის განმავლობაში შარდის წარმოქმნის პროცესმა გამოიწვია.

ანალოგიური პროცესები მიდის ორგანიზმში ვარჯიშისა და მზეზე ყოფნის დროს, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს, როცა ადამიანის ორგანიზმიდან სითხე ოფლის სახით გამოიყოფა. ამიტომაც აუცილებელია ვარჯიშის დაწყებამდე 30-40 წუთით ადრე, ასევე ვარჯიშის დასრულებისას მივიღოთ წყალი. წყლის მიღება სასურველია თავად ვარჯიშის დროსაც მცირე რაოდენობით და ხშირ-ხშირად. რეკომენდირებულია ოთახის ტემპერატურის წყალი.

რატომ არის სასურველი დილით ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება? რატომ სჯობს ცივ წყალს ოთახის ტემპერატურის წყალი?

დილით წყლის მიღების მთავარი მიზანია ხელი შევუშალოთ თრომბის წარმოქმნის პროცესს. ოთახის ტემპერატურის წყალს უპირატესობა ენიჭება სწორედ იმიტომ, რომ ის არ საჭიროებს ენერგიისა და დროის ხარჯვას იმისთვის, რომ პლაზმა შეავსოს და აღადგინოს თავდაპირველი ბალანსი. თბილ წყალს უფრო ადვილად შეითვისებს ორგანიზმი. სხეულის ტემპერატურისგან მიღებული წყლის ტემპერატურა მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ წყლის მიღება ჩვევაში გადაიზარდოს, ამისთვის საჭიროა საძინებელში მუდმივად გვქონდეს ოთახის ტემპერატურის წყალი და გაღვიძებისა თუ საჭიროების შემთხვევაში ღამით ადგომისას მივიღოთ. 

არიან ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ზოგადად ცოტა წყალს სვამენ  და ფაქტობრივად აღარ აქვთ წყლის მიღების მოთხოვნილება, რაც თავისთავად არა მარტო არასწორია, არამედ ზემოთ მოყვანილი გარემოებების გამო, საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს. მიუხედავად იმისა გვწყურია თუ არა, გვაქვს თუ არა წყლის მიღების მოთხოვნილება, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სითხე აუცილებლად უნდა მივიღოთ და არ უნდა დავუცადოთ წყურვილის შეგრძნებას.

რა გართულებები  მოჰყვება თუ არ დავიცავთ წყლის მიღების ნორმებს?

არასაკმარისი სითხის მიღებამ, ანდა თუ ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს კარგავს ვიდრე იღებს,  შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმის გაუწყლოვანება. თუ არ ვიღებთ საკამარისი რაოდენობის სითხეს, შედეგად ჩვენი ორგანიზმი ვეღარ გამოყოფს არასასურველ ნივთიერებებს და ვლინდება ტოტალური ტოქსიკოზი, რაც შეიძლება გამოიხატოს საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, ძვლის სიმკვრივის დაქვეითებით, კარიესით, ლიბიდოს დაქვეითებით და სხვა. განსაკუთრებული ტოქსიკოზის შემთხვევაში კი შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი. 

რა თქმა უნდა, ეს ტოქსიკოზი ვითარდება როცა  წყლის მიღებაზე რეგულარულად უარს ვამბობთ, ერთი და ორი დღით წყლის შეზღუდვას, ბუნებრივია, ასეთი რისკები არ ახლავს.  

საგულისხმოა, რომ საკვებ პროდუქტებში ბოლო ხანს დღითიდღე იზრდება ტოქსინების შემცველობა, ამას თანამედროვე ტექნოლოგიები უწყობენ ხელს, რომელთათვისაც მთავარია საკვები იყოს გემრიელი, მიმზიდველი და მოთხოვნადი, ამ პრინციპს ეწირება საკვების ხარისხი და სარგებლიანობა. 

სწორედ ამიტომ ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდი რაოდენობით გროვდება ტოქსინები, რაც თუ არ გამოიდევნა, უამრავ დაავადებას იწვევს - აზიანებს სისხლძარღვებს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ტოტალური ტოქსიკოზი უამრავ პრობლემას უქმნის ადამიანს.

წყალი სწორედ ის სითხეა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ტოქსინების გამოდევნა, შესაბამისად წყლის მიღების ხარისხსა და ჩვევაზეა დამყარებული ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხი.

საგულისხმოა, რომ ეს პროცესი განსაკუთრებულად აქტიურდება დილით, სწორედ შარდის გამოყოფის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის დილით წყალი მიღების აუცილებლობას.       

რამდენად მიზანშეწონილია ძილის წინ წყლის მიღება?

მიზანშეწონილი კი არა, აუცილებელია (თუკი იმ პათოლოგიასთან არა გვაქვს საქმე, რროდესაც იზღუდება სითხის მიღება), ძილის წინ წყლის მიღებით ხდება ინსულტის, ინფარქტის პრევენცია, წყლის მიღებით ჩვენ ვავსებთ პლაზმას, რომელიც თირკმლის ფილტრაციისას ისედაც მცირდება, შესაბამისად, ჩვენ თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ძილის წინ პლაზმა იყოს ოპტიმალური რაოდენობით, რათა დანაკარგის  შემთხვევას (რაც გარდაუვალი პროცესია), გარკვეულწილად აგვარიდოს სისხლის შედედება და შესაბამისად სისხლძარღვოვან გართულებებს. 

როგორ განისაზღვრება წყლის მიღების დღიური ნორმა?

ადამიანმა საშუალოდ უნდა მიიღოს 1,5 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, საიდან გამოითვლება ეს ოდენობა. პირობითად თუ ადამიანის წონა 80 კგ-ია, სადაც სხეულის მასის 6-8% სისხლია, სისხლის 60% კი პლაზმაა, რაც მეტია 3 ლიტრზე, იმისათვის რომ პლაზმა სრულფასოვნად, რეგულარულად განახლდეს, საჭიროა მისი დაახლოებით ნახევარი ოდენობის სითხის მიღება. სწორედ აქედან გამოითვლება ადამიანისათვის საჭირო წყლის ლიტრაჟი, თუმცა თუ ადამიანს აქვს გულის ან თირკმლის უკმარისობა, ამ შემთხვევაში მიღებული სითხის დღიური ოდენობა უნდა შემცირდეს გართულებების თავიდან ასაცილებლად, ხოლოდ ის ვინც ფიზიკურად არის დატვირთული და რეგულარულად ვარჯიშობს, მისი სითხის დანაკარგი მეტია და შესაბამისად წყლის მიღების დღიური ოდენობაც იზრდება. წყლის მიღების ოდენობა ასევე იზრდება უფრო დიდი წონის დროს და გამოითვლება ზემოაღნიშნული პრნციპით. 

წყლის მიღების დღიური ოდენობა ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, სეზონზე, რა თქმა უნდა, ზაფხულში გაცილებით მეტი სითხის მიღებაა აუცილებელი, ვიდრე ზამთარში.

რამდენად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ლიმნიანი წყალი?

საკმაოდ კარგია ლიმნიანი წყლის მიღება, ლიმონი სავსეა მრავალი ვიტამინებითა და მინერალებით. ის დიდი რაოდენობით შეიცავს C-ვიტამინს, რაც ხელს უწყობს კოლაგენის გამოყოფას, აუმჯობესებს ძვლების, ხრტილებისა და კანის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიმნიანი წყლის მიღება რეკომენდირებულია ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს. მის შემადგენლობაში არსებული პექტინების დახმარებით იგი აქვეითებს მადას და წვავს ცხიმებს. პექტინები არის ლიმნის რბილობსა და ცედრაში, იგი აუმჯობესებს  ნივთიერებათა ცვლას ანუ მეტაბოლიზმს, ასევე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას და აწესრიგებს როგორც ყაბზობას, ასევე დიარეას. პექტინები ამცირებენ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (LDL-ქოლესტერინი) და შესაბამისად ხელს უშლიანს ათეროსკლეროზის განვითარებას. აჩქარებს საკვებში შაქრის დაშლას, რის შედეგადაც უმჯობესდება შაქრის დონე სისხლში დ,ა მცირდება შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი ჩივილები. 

ლიმნიანი წყალი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მისი მიღებით უმჯობესდება იმუნური სისტემა და შესაბამისად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ვირუსული და ბაქტრიული დაავადებები. 

P.S  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×