რეზონანსი
23.01.2021

წონის დასაკლები დიეტების არჩევანი საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული დიეტაა ინტერვალური შიმშილი, ანუ 16-18 საათიანი დიეტა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რით გამოირჩევა ინტერვალური დიეტა?

ინტერვალური შიმშილის დროს პაციენტებს არ უწევთ კალორიების თვლა, არ აქვთ მკაცრი შეზღუდვები, არ სჭირდებათ საათობრივი კვება, არ აქვთ განსაზღვრული კონკრეტული რაციონი, რაც გარკვეულწილად აადვილებს მის დაცვას. 

16 ან 18 საათიანი დიეტის მთავარი პრინციპია დღის ბოლო კვებასა და საუზმეს შორის იყოს 16, ან 18 საათიანი შიმშილის პერიოდი. დროის ამ შუალედში კვება დაშვებული არ არის. შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღება. მაგალითად, საკვების მიღებას იწყებენ 12:00 საათზე და ასრულებენ 18:00 საათზე, შესაბამისად დილის 12 საათამდე 18 საათიანი შიმშილის პერიოდია.

ინტერვალური დიეტის დროს საუზმე პრაქტიკულად გამოტოვებულია. საუზმის გამოტოვება ყველა ადამიანისთვის სასურველი არ არის. თუ საუზმეს შედარებით ადრე გადმოვიტანთ, შესაბამისად ვახშამიც უფრო ადრე იქნება. რაც ამ შემთხვევაში ართულებს დღის მეორე ნახევარში დიეტის დაცვას, რადგან დაძინებამდე იზრდება შიმშილის დრო.

16, ან 18 საათიანი დიეტის დროს კვების დრო და ჯერადობა მკაცრად განსაზღვრული არ არის. დღის განმავლობაში საშუალოდ 3, ან 4 ჯერ ხდება საკვების მიღება, საშუალოდ 2 საათიანი შუალედით. იმისათვის, რომ ამ დიეტის დროს დღის მეორე ნახევარში მადა არ იყოს გაძლიერებული და შევძლოთ მისი დაცვა, კვება უნდა იყოს ბალანსირებული. მსუბუქად ვახშმობის შემთხვევაში ამ დიეტის დარღვევის ალბათობა დიდია. 

ამ ტიპის დიეტის დროს წონას ვიკლებთ 16 ან 18 საათიანი შიმშილის ფონზე. სწორედ ეს შიმშილის პერიოდი განაპირობებს ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებას, კალორიების დაწვას და წონის კლებას. 

არის თუ არა ინტერვალური დიეტა ყველასთვის სასურველი?

16 ან 18 საათიანი დიეტას აქვს გამოხატული ეფექტი ჭარბი წონის შემთხვევაში, თუმცა, ამ დიეტით წონის დაკლება ყველასთვის რეკომენდირებული არ არის. არის შემთხვევები როცა ინტერვალური შიმშილი აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ინტერვალური შიმშილი, ანუ 16-18 საათიანი დიეტის დაცვა უკუნაჩვენებია. შაქრიანი დიაბეტის, განსაკუთრებით კი ტიპი 1-ის არსებობის შემთხვევაში ინტერვალური შიმშილი ზრდის ჰიპოგლიკემიის, ანუ სისხლში შაქრის დონის შემცირების რისკს. ჰიპოგლიკემია თავის მხრივ აუარესებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას.

გარდა უარყოფითისა, ინტერვალურ შიმშილს აქვს თავისი უპირატესობები, რის ფონზეც წონის კლება ეფექტურია. შიმშილის დროს ორგანიზმში მიმდინარეობს მრავალი ბიოქიმიური პროცესი. როცა არ ხდება გარედან საკვების მიღება, ორგანიზმი იწყებს საკვები ნივთიერებების დეპოდან მოხმარებას. შიმშილის დროს ორგანიზმში არსებული ცხიმის მარაგი ქმნის ენერგიის წყაროს. რაც უფრო ხანგრძლივია შიმშილის პერიოდი, მით მეტად ხდება ცხიმების წვა. შიმშილის დროს ხდება ინსულინის დონის შემცირება და ორგანიზმში არსებული გლიკოგენის მარაგის ხარჯვა.

რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერვალური დიეტისას რაციონი?

მიუხედავად იმისა, რომ ინტერვალური შიმშილი არ მოითხოვს კონკრეტულ რაციონს, იმისათვის რომ შიმშილის ფონზე მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, უმჯობესია შედარებით ნაკლებად კალორიული საკვები შევარჩიოთ. 

ადიპოციტები, ანუ ცხიმოვანი უჯრედები დიეტის ფონზე მოცულობაში მცირდება და შესაბამისად უმჯობესდება სხეულის ფორმები. ადიპოციტების რაოდენობა არანაირი დიეტის ხარჯზე არ მცირდება. მაღალ კალორიული კვების ფონზე კვლავ ხდება დაპატარავებული ადიპოციტების მოცულობის გაზრდა და შესაბამისად ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის მატება.

შიმშილის დროს ორგანიზმში იწყება ცხიმის წვის პროცესი. ამ დროს გამოიყოფა კეტონები. კეტონების გავლენით ხდება წონის კლება, მადის დაქვეითება, შარდვის გახშირება. კეტონების დაგროვების ფონზე ასევე გამოხატულია ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, თავის ტკივილი და სხვა. 

ყოველი კვების საპასუხოდ კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომლის მაღალი დონეც განაპირობებს მადის გაძლიერებას და წონის მატებას. სწორედ ამ თვალსაზრისით არ არის გამართლებული ე.წ “სუსნაობა” ხშირად. თუნდაც მცირე რაოდენობით საკვების ხშირი მიღება, ხშირი წახემსება საგრძნობლად აუარესებს ნივთიერებათა ცვლას. 

ხშირად მიიჩნევენ, რომ ხილი ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია და საღამოს შიმშილის შეგრძნების შემთხევვაში არჩევანს ხილზე აკეთებენ. ინსულინის გამოყოფა უფრო ინტენსიურია შაქრის შემცველი პროდუქტების მიღების შემთხვევაში. ნებისმიერი ხილი, თუნდაც შედარებით მჟავე სახის შეიცავს ფრუქტოზას, ანუ ხილის შაქარს. საღამოს მიღებული შაქრის შემცველი პროდუქტები მკვეთრად აუარესებს მდგომარეობას. 

წონის კლების დროს აუცილებელია შეიზღუდოს შაქარი, შაქრის შემცველი პროდუქტები და ცხოველური ცხიმი. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 16-18 საათიანი დიეტა არ მოითხოვს კვების რაციონის მკაცრ შეზღუდვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად უმჯობესია ამ დიეტის დროს გარდა 16-18 საათიანი შიმშილის ეპიზოდისას, ყურადღება მიექცეს საკვებ რაციონს და კვების ჯერადობას. 

16-18 საათიანი დიეტის დროს ვურჩევდი 3 ძირითადად კვებას და 1 მსუბუქ წახემსებას. რაფინირებული შაქრის, ცხოველური ცხიმის და ცომეულის შეზღუდვას. სითხის მიღება უნდა იყოს გადანაწილებული მთელი დღის განმავლობაში. შიმშილის დროს უმჯობესია არ შეიზღუდოს წყლის მიღება და მივიღოთ ზომიერი რაოდენობით (2-3 ფინჯანი ვახშმის შემდეგ დაძინებამდე). 

რა რეკომენდაციები აქვთ ჯანდაცვის ორგანიზაციებს ინტერვალური დიეტასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ 16-18 საათიან დიეტას ხშირ შემთხვევაში კარგი შედეგი აქვს, ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ მოწოდებული და შეუცვლელი კვლავ სწორი კვების დაცვაა.

ნებისმიერ შემთხვევაში ჭარბი წონის, ან სიმსუქნის შემთხვევაში დიეტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება, ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დიეტის ტიპის შერჩევა. არის რიგი დაავადებები, რომელთა დროსაც მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ჭარბი წონის დაკლება. მაგალითად ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა, დისლიპიდემია და სხვა რომელთა დროსაც ჭარბი წონის კლებით შესაძლებელია შედარებით მსუბუქი მედიკამენტური მკურნალობა და მცირდება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი. ჭარბი წონის დასაკლებად არჩეული დიეტა უნდა იყოს სწორად შერჩეული და ინდივიდუალურად მორგებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომაც 16-18 საათიანი დიეტის დაცვა მუდმივად არ არის გამართლებული. დასაშვებია მისი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დაცვა. 

სწორი კვება არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ის სეგმენტი, რომლიც ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ და რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )