
კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით სტაბილურად ხშირია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად აღინიშნება სხვადასხვა გართულებები როგორც კორონავირუსით ინფიცირების დროს, ასევე გამოჯანმრთელების შემდგომ.
მკურნალობის პროცესში პაციენტებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხშირად ენიშნებათ სტეროიდული მედიკამენტებით მკურნალობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
რატომ შეჩერდა არჩევანი კოვიდინფექციისას სტეროიდებით მკურნალობაზე?
სტეროიდები ამცირებს ანთებით პროცესს იმუნური სისტემის დათრგუნვის ფონზე. სტეროიდული პრეპარატების (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი) მიღებისას ხშირია გვერდითი ეფექტები: წონის მატება, მადის გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის დონის მომატება, გულისცემის აჩქარება და სხვა. მიუხედავად სტეროიდების გამოხატული გვერდითი ეფექტებისა, მისი მიღების სარგებელი აჭარბებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკებს. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა არტერიული წნევის მატება, ან სისხლში შაქრის დონის მომატება გამოხატულია ძირითადად მკურნალობის პროცესში, რაც მცირდება მკურნალობის დასრულების შემდეგ. თუმცა, იმისათვის რომ ჰიპერგლიკემიის ფონზე არ მოხდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება, ცალსახად სავალდებულოა შაქრის მაქსიმალური აკრძალვა.
კოვიდ19-ის მძიმე მიმდინარეობისას კორტიკოსტეროიდების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებით პროცესს და ახდენს ორგანოების, განსაკუთრებით ფილტვების დაზიანების პრევენციას. თვითნებურად მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. დღეს კორონა ვირუსის მკურნალობის პროცესში სტეროიდული პრეპარატების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და არა თვითნებურად. კოვიდ19-ით დაავადებულ პაციენტებში 6 მგ დექსამეტაზონის ყოველდღიური მიღება 10 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილობას, რაც გამოვლინდა ჩატარებული კვლევის შედეგად. დექსამეტაზონის სარგებელი ასევე გამოხატულია მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში. მექანიკური ვენტილაცია არის სპეციალური აპარატის გამოყენებით ფილტვებში ჰაერის მოძრაობის უზრუნველყოფა.
რა საფრთხეებს ქმნის შაქრის მოხმარება კოვიდინფექციისას
იმისათვის რომ სტეროიდებით მკურნალობისას არ გაუარესდეს მდგომარება გვერდითი ეფექტების გავლენით მკურნალობის პროცესში, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს შაქრის და მისი შემცველი პროდუქტის მიღება. სტეროიდული მედიკამანტებით მკურნალობის დროს დიეტური რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს სისხლში შაქრის დონის მომატების პროვოცირება.
მიუხედავად კვებითი რეკომენდაციებისა, სამწუხაროდ ხშირია ტკბილეულის მოხმარება. კოვიდ ინფექციის მკურნალობის პროცესში რეკომენდირებულია სითხის მიღება, მაგრამ არ არის სასურველი შაქრის შემცველი სითხეების ჭარბი მოხმარება. უმჯობესია სითხე მივიღოთ წყლის სახით და არა კამპოტის, თაფლიანი წყლის, ტკბილი ჩაის და ტკბილი ყავის სახით. უშაქრო სითხეების მიღებაარ იზღუდება. მკურნალობის პროცეში სასურველია მივიღოთ ოთახის ტემპერატურის წყალი, ლიმნიანი წყალი, უშაქრო ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი, ჩაი ჯინჯერით, ყავა დარიჩინით.
რამდენად ქმნის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 კოვიდინფექციისათვის სასურველ ფონს?
ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა პაციენტების მომართვიანობა კორონა ვირუსის გადატანის შემდგომ გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი არასწორი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესია. კოვიდ პანდემიის პირობებში დაავადების გავრცელების შესამცირებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, დროის ძირითადი ნაწილს სახლში ვატარებთ, რაც თავისთავად ამცირებს ფიზიკურ აქტივობას. მუდმივად სახლში ყოფნა და თავისუფალი სამუშაო რეჟიმი ასევე არღვევს ძილის და კვების რეჟიმს. შესაბამისად პანდემიის პარალელურად გაიზარდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა რისკი. სიმსუქნის, ან ჭარბი წონის შემთხვევაში, ან თუ გენეტიკა დატვირთულია შაქრიანი დიაბეტის ნებისმიერი ფორმით (რომელიც გამოვლინდა ახლო ნათესავებში ნებისმიერ ასაკში), განსაკუთრებულად უნდა ვიფრთხილოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენა.
კორონა ვირუსის მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს როგორც აღნიშნული დაავადების მიზანმიმართულ სწორ მკურნალობას, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესს. გამოხატული სისუსტის ფონზე შეძლებისდაგვარად რეკომენდირებულია ზომიერი ფიზიკური აქტივობა და კვებითი რაციონის მოწესრიგება.
რამდენად ახდენს გავლენას კოვიდინფექციის თავიდან აცილებისათვის სწორი კვებითი რეჟიმი?
კვებითი რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომაც კოვიდ 19-ის მკურნალობის პროცესში უმჯობესია რაციონი დაიტვირთოს ცოცხალი ბოსტნეულით, მოხარშული ხორც პროდუქტებით და ზომიერი რაოდენობით ხილით. კორონა ვირუსით დაავადების დროს ხშირი ჩივილია უმადობა. უმადობის მიუხედავად მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში 3-4 ჯერადი კვება ზომიერი ულუფებით და წახემსება ხილით დღის პირველ ნახევარში .
ასევე მნიშვნელოვანია სითხის სწორი მიღება. რეკომენდირებულია წყალი და სხვა უშაქრო სითხეები მივიღოთ კვებისგან 30-40 წუთიანი დაცილებით, კვებამდე ან კვების შემდეგ.
მინიმუმამდე უნდა შემცირდეს რაფინირებული შაქრის და ცხოველური ცხიმის მოხმარება, მჟავე, მწარე და მარილიანი საკვების მიღება.
როგორ უნდა ვიზრუნოთ კოვიდინფექციისას იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე?
კოვიდ პანდემიის ფონზე ყველა ცდილობს იზრუნოს და გაიუმჯობესოს იმუნური სისტემა, იმუნიტეტი. ხშირად გვეკითხებიან პაციენტები თუ როგორ შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება. ზოგადად კარგი იმუნური სისტემა ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინებით მიიღწევა. იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ერთი კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა ყალიბდება დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად ხდება გარკვეული დაავადებების მიმართ ანტისხეულების გამომუშავებაც.
იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს უძილობა და სტრესი. დღევანდელი რეალობა საკმაოდ სტრესულია ნებისმიერი ადამიანისთვის. სტრესი მნიშვნელოვნად აქვეითებს იმუნურ სისტემას. შფოთვის, დეპრესიის, ნევროზის და სხვა ფსიქო-ემოციური სფეროს დარღვევებისას ადამიანის იმუნური სისტემა შედარებით სუსტია. ამიტომ აუცილებელია კარგი განწყობის შენარჩუნება და გარკვეული ფსიქო-ემოციური სფეროს ცვლილებების შემთხვევაში ნევროლოგის დანიშნულების მიღება.
ცხოვრების ჯანსაღი წესი რომ აუცილებელია, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. ექიმები მუდმივად მოვუწოდებთ პაციენტებს გაზარდონ ფიზიკური აქტივობა, მოაწესრიგონ კვების და ძილის რეჟიმი. მიუხედავად ხშირი რეკომენდაციებისა, მაინც არ ხდება სათანადოდ ამ ყველაფრის გათვალისწინება. უპირველესია ცხოვრების წესის მოწესრიგება. ჩვენი ყოველდღიური რეჟიმის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და შესაბამისი ყურადღება მიექცეს სწორ კვებას, სრულფასოვან ძილს და ფიზიკურ აქტივობას. იმუნიტეტის გაუმჯობესება არ ხდება პირობითად 10-15 დღიანი მკურნალობით, ვიტამინებისა და მინერალების მიღებით. იმუნიტეტი ჩვენი ყოველდღიურობის პარალელურად ყალიბდება.
P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00