რეზონანსი
19.12.2020

კოვიდ 19-ის მსოფლიო ეპიდემია განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. ასეთ დროს მნიშვნელოვნია სისხლის გათხელების სტანდარტის შენარჩუნება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია K ვიტამინზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა ფუნქციას ასრულებს K ვიტამინი ადამიანის ჯანმრთელობისათვის? 

K ვიტამინი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში, მას სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ. K ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს სისხლის შედედების ფაქტორის და პროთრომბინის წარმოქმნაში. იგი ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას. შედედების ფაქტორების დეფიციტი ზრდის სისხლდენის რისკს.

K ვიტამინის ნორმალური დონე განაპირობებს სისხლდენის მნიშვნელოვან პრევენციას. მცირე დაზიანებაც შეიძლება სისხლდენის გამომწვევი მიზეზი გახდეს. შესაბამისად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სისხლის შედედების ნორმალური ფუნქცია, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლდენასთან ასოცირებული გართულებები. 

K ვიტამინი ასევე მონაწილეობს კალციუმის მეტაბოლიზმში და ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. K ვიტამინი გავლენას ახდენს ძვლების მიერ კალციუმის ათვისებაზე. K ვიტამინის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ოსტეოპოროზი (ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება). ოსტეოპოროზის დროს ძვლები მყიფე და მსხვრევდია. K ვიტამინის როლი საკმაოდ დიდია ოსტეოპოროზის მკურნალობის პროცესში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მოტეხილობების რისკი. 

K ვიტამინის ორი ფორმა არსებობს: ფილოქინონი, იგივე K 1 ვიტამინი და მენაქინონი, იგივე K 2 ვიტამინი. K 1 ვიტამინის მიღება ხდება საკვები პროდუქტებიდან ხოლო K 2 ვიტამინი წარმოიქმნება ნაწლავებში ბაქტერიების მიერ.

K2 ვიტამინი განაპირობებს კალციუმის ადექვატური ფორმით მოხმარებას და ამცირებს კალცინატების სახით სისხლძარღვთა კედელში კაცლიუმის ჩალაგების რისკს. ასევე აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას. K 2 ვიტამინი ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს, ცილის რომლიდანაც წესრიგდება კალციუმის მეტაბოლიზმი. K 2 ვიტამინის ნორმალური დონე ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაა.

რამდენად ხშირია K ვიტამინის დეფიციტი?

დღეს საკმაოდ იშვიათია K ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელ პირებში, რადგან მისი მიღება პროდუქტებიდანაც საკმარისი რაოდენობით ხდება და ასევე წარმოიქმნება ნაწლავებშიც. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მნიშვნელოვანია K ვიტამინის შემცველი პროდუქტების და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება. მაგალითად პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში საჭიროებენ ანტიკოაგულანტების და ან ქოლესტერინის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას, ასევე ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, ღვიძლისა და ნაწლავური დაავადებების დროს ხშირია K ვიტამინის დეფიციტი.  K ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ცხიმოვანი საკვები პროდუქტების მკაცრი შეზღუდვა, ან ცხიმის შეწოვის დარღვევა, რასაც შესაბამისად თან ახლავს ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტიც.

შესაბამისად, ასეთ პირებისთვის მნიშვნელოვანია K ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტების მაქსიმალური მოხმარება და მისი დეფიციტის პრევენცია.

რა სიმპტომები ახლავს K ვიტამინის დეფიციტს?

K ვიტამინის დეფიციტის დროს აღინიშნება სისხლჩაქცევები კანზე, შესაძლოა გამოვლინდეს ხშირი სისხლდენები ცხვირიდან, ან ჭრილობიდან გახანგრძლივებული სისხლდენა. K ვიტამინის საკმაოდ გამოხატული დეფიციტის დროს ასევე აღინიშნება კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, რაც ვლინდება შავი ან მუქი ფერის განავლის არსებობით, ან სისხლიანი მასების ღებინებით. შესაძლოა საშარდე სისტემაშიც განვითარდეს სისხლდენა, რაც სისხლიანი შარდის სახით ვლინდება. ნებისმიერი სახის სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა დადგინდეს მისი მიზეზი. სისხლდენის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი K ვიტამინის დეფიციტია, თუმცა, მნიშვნელოვანია მოხდეს დიფერენცირება სხვა სისხლდენის გამომწვევ მიზეზებთან.

როგორ ხდება K ვიტამინის დეფიციტის დაგნოსტირება?

K ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია ჩატარდეს პაციენტებში, რომელთაც აქვთ შესაბამისი სიმპტომები. კოაგულოგრამის შეფასების საფუძველზე ვლინდება სისხლის კოლტის ფორმირების უნარი. თუ პაციენტს სისხლის შედედების დარღვევა აღენიშნება მნიშვნელოვანია მისი მკურნალობა. ანტიკოაგულაციური თერაპიის შემთხვევაში თუ K ვიტამინის დეფიციტის მიზეზი გარკვეული მედიკამენტის მიღებაა, საჭიროა მედიკამენტის დოზის კორექცია ექიმის მიერ (და არა თვითნებურად), ან K ვიტამინის მედიკამენტის სახით მიღება პარარელურად. ღვიძლის მძიმე დაავადების არსებობისას, როცა ღვიძლის დაზიანების ფონზე ირღვევა სისხლის შედედების ფაქტორების წარმოქმნა მკურნალობის პროცესში K2 ვიტამინის ჩართვა სამწუხაროდ შედეგს ვერ აუმჯობესებს, რადგან დაზიანებული ღვიძლი შედედების ფაქტორს მაინც ვერ წარმოქმნის, K ვიტამინის მკურნალობის პროცესში ჩართვის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სისხლის გადასხმა შედედების ფაქტორების შესავსებად.

არის თუ არა საფრთხის შემცველი K ვიტამინის სიჭარბე?

K ვიტამინის სიჭარბე ასევე საფრთხის შემცველია. ჭარბი რაოდენობით მისი მიღება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, განსაკუთრებით დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის საკმაოდ საშიშია, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობის შემთხვევაში. დიდი დოზით K ვიტამინის მიღება იწვევს სისხლის შედედების გააქტიურებას და ზრდის თრომბოზის რისკს. 

საბედნიეროდ K ვიტამინის სიჭარბე ფაქტობრივად ძალიან იშვიათია. K ვიტამინის მედიკამენტის სახით მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის დოზას. დღეში 1 მგ ან ნაკლები დოზით K ვიტამინის მიღებისას მისი სიჭარბის ალბათობა არ არის. 

საკვები პროდუქტები საკმაოდ მდიდარია K ვიტამინით. ერთფეროვანი კვება და მხოლოდ ერთი სახის პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. მაგალითად K ვიტამინით მდიდარი ერთფეროვანი საკვების მიღებისას იზრდება რისკი როგორც სხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის, ასევე K ვიტამინის სიჭარბის.  

რომელი პროდუქტები შეიცავს K ვიტამინს?

K ვიტამინს შეიცავს მწვანე ხილი და ბოსტნეული, ისპანახი, ბროკოლი, ჭინჭრის ფოთლები, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ვაშლი, ავოკადო, კივი, მსხალი, კიტრი, გოგრა, კარტოფილი, პომიდორი (მწვანე პომიდორში K ვიტამინის შემცველობა წითელ პომიდორთან შედარებით მეტია), ჭარხალი, მწვანე წიწაკა, ასკილი, ღვიძლი საქონლის, კვერცხი, ჭვავი, შვრია, სოიო, ხორბალი და სხვა. საკვებ პროდუქტებში K ვიტამინის შემცველობა საკმაოდ კარგია. ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვების დროს მისი მიღება ხდება ადექვატური რაოდენობით. გასათვალისწინებელია სადილებში ცხიმის აუცილებლობა, რათა K ვიტამინის შეწოვა არ შეფერხდეს. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×