რეზონანსი
12.12.2020

კოვიდ 19-ის მასობრივმა გავრცელებამ ურთულესი სიტუაცია შექმნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებულმა რეალობამ ნათლად წარმოაჩინა არაერთი პრობლემა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა სისხლის სტანდარტებთან დაკავშირებული თემები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რატომ არის საშიში სისხლის გასქელება?

სისხლი არის თხევადი ქსოვილი ორგანიზმში. სისხლის დახმარებით სხვადასხვა ორგანოთა თითოეულ უჯრედამდე მიდის საკვები ნივთიერებები, ჟანგაბადი. ქსოვილთა კვებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადექვატური სისხლმომარაგება. 

ხშირი პრობლემაა სისხლის ე.წ “შესქელება”, რომლის დროსაც გაძნელებულია სისხლის მიმოქცევა. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც დამახასიათებელია სისხლის “შესქელება”.  სისხლის შედედების დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებებით. მაგალითად ჰემოფილიით დაავადებული პირებისთვის უმნიშვნელო ჭრილობაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ სიცოცხლეს. 

ჰემოფილია თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის შედედების უნარის დაქვეითებით. სისხლის შედედების დარღვევას ასევე ხშირად ვხვდებით თვითმკურნალობების დროს. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად თვითნებურად იღებენ ე.წ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს. საჭიროების გარეშე სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების თვითნებურად, პროფილაქტიკის მიზნით მიღება დაუშვებელია. 

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას ე.წ “სისხლის გამათხელებლებით”, რა თქმა უნდა, პაციენტი უნდა იტარებდეს შესაბამის მკურნალობას ექიმის დანიშნულებისამებრ და არა თვითნებურად. 

რა საფრთხეს ქმნის სისხლის შესქელება?

დღეს კოვიდ19-ის პანდემიის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანია სისხლის შედედების დარღვევების დროული დიაგნოსტიკა. ახალი კორონავირუსით ინფიცირება ხშირ შემთხვევაში განაპირობებს სისხლის შედედების დარღვევას და საჭიროებს დროულ მკურნალობას გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

სისხლის შედედების დარღვევა, როცა გამოხატულია თრომბოფილია, ანუ თრომბოზებისკენ მიდრეკილება, ქმნის თრომბის წარმოქმნის, სისხლძარღვის დახშობის და სისხლის მიმოქცევის შეფერხების საფრთხეს. 

სისხლის გასქელების და ჰიპერკოაგულაციისას (სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება) არის რისკი განვითარდეს: მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, ფილტვის თრომბოემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი და სხვა. დაზიანებას განსაზღვრავს, თუ რომელი სისხლძარღვის დახშობას გამოიწვევს თრომბი. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბოზისას ვითარდება ინსულტი, გულის მკვებავი არტერიის თრომბით დახშობა მიოკარდიუმის ინფარქტს განაპირობებს და ა.შ. 

გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვმართოთ სისხლის სიბლანტე. თუ სისხლის “შეთხელება” ან “შესქელება” გამოწვეულია გარკვეული დაავადებიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. არც ზედმეტად სისხლის შეთხელებაა რეკომენდირებული, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება სისხლდენების რისკი. 

როგორ ხდება სისხლის შედედება? 

სისხლის კოლტი რამოდენიმე ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. სისხლძარღვის დაზიანებისას, როცა სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა იწყება დაზიანებული ადგილიდან სისხლდენა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაზიანების ადგილას წარმოიქმება სისხლის კოლტი, რაც განაპირობებს სისხლდენის შეჩერებას. ეს არის ჯანსაღი ორგანიზმის ადექვატური რეაქცია სისხლდენაზე.

სისხლის კოლტის წარმოქმნაში მონაწილეობს შედედების ფაქტორები და ფერმენტი თრომბინი. ხსნადი ცილა ფიბრინოგენი გარდაიქმნება უხსნად ფიბრინოგენად. ეს რეაქციები ერთმანეთთან დაკავშირებულია, რის შედეგადაც წარმოიქმნება სისხლის კოლტი, რაც განაპირობებს სისხლდენის შეჩერებას. 

როგორ ავირიდოთ თავიდან სისხლის შესქელება? 

სისხლის სიბლანტეზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, რაციონი და ფიზიკური აქტივობა. არის პროდუქტები რომლებიც შემადგენლობიდან გამომდინარე აუმჯობესებს სისხლის კოაგულაციას და გვეხმარება თრომბოზების თავიდან აცილებაში. ამავდროულად არის პროდუქტები, რომლებიც პირიქით ზრდის სისხლის სიბლანტეს, ასქელებს სისხლს და აუარესებს მდგომარეობას. 

ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თრომბოზების პრევენციისათვის. სისხლის შედედების დარღვევისას ეფექტურია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.

სისხლის გასქელება თრომბის წარმოქმნის წინაპირობაა, რაც უაღრესად საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ამიტომ საჭიროა ვიზრუნოთ გარკვეულ პრევენციულ ზომებზე. თრომბოზის პრევენცია გულისხმობს ჭარბი წონის დაკლებას, რადგან სიმსუქნის დროს გაზრდილია სისხლის მიმოქცევის დარღვევების რისკი. პასიური ცხოვრების წესი აორმაგებს თრომბოზების რისკს. მინიმალური ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მაგალითად ხანგრძლივი ფრენის შემთხვევაში (თუ ფრენის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს) თრომბოფილიის მქონე პირებისთვის რეკომენდირებულია ელასტიური კომპრესია (ელასტიური გეტრების გამოყენება), რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული შეგუბება ქვედა კიდურების ვენებში. 

ჭარბი წონა, სიმსუქნე, პასიური ცხოვრების წესი, იმობილიზაცია (წოლითი რეჟიმი), ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ოპერაციული ჩარევა, ტრავმა, ნებისმიერი ქრონიკული ანთებითი დაავადება და სიმსივნური დაავადებები ზრდის თრომბოზის რისკს.

რამდენად დაგვეხმარება სისხლის შესქელების თავიდან აცილებაში კვებითი რეჟიმი? 

სისხლის გასქელებას ხელს უწყობს K ვიტამინის შემცველი პროდუქტის ჭარბი მოხმარება. შედედების ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია K ვიტამინი, რომელიც შედის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. მისი წარმოქმნა ასევე ხდება ორგანიზმში ნაწლავების ბაქტერიების მიერ. K ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი. საჭმლის მომნელებელი და სანაღვლე სისტემის დაავადებების დროს შეიძლება დაქვეითებული იყოს K ვიტამინის წარმოქნა ორგანიზმში. მისი როგორც ნაკლებობა ასევე სიჭარბე სახიფათოა. K ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება სისხლს ასქელებს, მისი ნაკლებობა კი იწვევს სისხლის გათხელებას. სწორედ ამიტომ თრომბოფილიის, ქრონიკული ვენური დაავადებისა და კოვიდ ინფექციის შემთხვევაში რეკომენდირებულია მკაცრად გაკონტროლდეს K ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება. K ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: სალათის ფურცლები, კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, რძე, კვერცხი, ოხრახუში, მწვანე ჩაი, გრეიფრუტი და სხვა. 

C ვიტამინის შემცველი პროდუქტი, მაგალითად ციტრუსების მიღება ამცირებს სისხლის შედედებას. ფორთოხალი, გრეიფრუტი და ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ახდენს სისხლის შედედების პრევენციას. ციტრუსები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.  C ვიტამინს შეიცავს ციტრუსები, კივი, ანანასი, მარწყვი, ასკილი, მწვანე ხახვი, მწვანე და წითელი წიწაკა, პამიდორი, ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო და სხვა პროდუქტები. 

ვიტამინი E ხასიათდება სისხლის გამათხელებელი ეფექტით. ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და აფართოვებს სისხლძარღვებს. E ვიტამინს შეიცავს პროდუქტები: ნუში, ნიგოზი მზესუმზირა, მცენარეული ზეთი, გოგრა, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ავოკადო, კივი, მწვანე ზეთისხილი, გარგარი და სხვა პროდუქტები. 

ჯინჯერი (იგივე ჯანჯაფილი, კოჭა) ამცირებს თრომბოზის რისკს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ჯინჯერის ჩაი, ისე როგორც ლიმნიანი წყალი ეფექტურია სისხლის გასქელების შემთხვევაში. ჩაის მოსამზადებლად საკმარისია ჯინჯერის პატარა ნაჭერს დავასხათ ადუღებული წყალი და მივირთვათ. სურვილისამებრ შესაძლებელია შაქრის, ან ჩაის ფოთლების დამატება.

თრომბის წარმოქმნას ასევე ხელს უშლის კურკუმა. იგი კოჭას ოჯახის მცენარეა. მას ყვითელ კოჭასაც უწოდებენ. კურკუმას, როგორც სანალებლის გამოყენება სასარგებლოა საკვებ რაციონში სხვადასხვა კერძის მომზადებისას. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს სისხლის გათხელებას  და ხელს უწყობს ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოქმნას. კურკუმა უხდება თევზისა და ხორცისაგან მომზადებულ კერძებს. ასევე წვნიანებს, ბრინჯის ფლავს. შესაძლებელია კურკუმა საწებელში დავამატოთ. 

კუმარინები არის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება მცენარეებში. კუმარინის შემცველობა განაპირობებს მათ ანტიკოაგულაციურ ეფექტს, ანუ ამცირებს სისხლის შედედებას. კუმარინების 1300-მდე სახეა ცნობილი. მათ აქვთ ანტითრომბოზული, ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური (სისხლძარღვთა გამაფართოვებელი) მოქმედება. კუმარინებს შეიცავს დარიჩინი, მწვანე ჩაი, მარწყვი, მოცვი, გარგარი, სტაფილო, ნიახური, პიტნა, თაფლი, გარკვეული სახეობა ლუდი და სხვა.

კუმარინების არც ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან იგი ამავდროულად ზრდის სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ფილტვებში, ღვიძლსა და თირკმელებში, რაც დასტურდება ცხოველებზე ჩატარებული კვლევით.

რამდენად უწყობს ხელს სისხლის შეთხელების პროცესს ლიმნიანი წყალი და ნიორი?

კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი  ლიმნიანი წყალია. ლიმონი აქტუალობას არც გრიპის სეზონის მოახლოებისას კარგავს. ლიმონი შეიცავს ანტიოქსიდანტებს - ბიოფლავონოიდებს, რაც განაპირობებს მის სასარგებლო თვისებებს. ასევე შეიცავს ლიმონმჟავას რაც ხასიათდება ანტიკოაგულაციური ეფექტით (შედედების საწინააღმდეგო). 

კვლევებით დასტურდება ნივრის ანტითრომბოზული მოქმედების ეფექტი. ნიორი ამავდროულად აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, რის შესაბამისადაც სისხლძარღვთა კედლები ნაკლებად ზიანდება ათეროსკლეროზით. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×