რეზონანსი
29.11.2020

ვიტამინების ნაკლებობა ადექვატუად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი გამორჩეული ვიტამინი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს ორგანიზმზე, B 12-ია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რატომ  არის მნიშვნელოვანი  ადამიანის ორგანიზმისთვის ვიტამინი  B 12?

B 12 ვიტამინის გავლენით უმჯობესდება ნერვული ბოჭკოების მდგომარეობა, თავის ტვინის მუშაობა, კოგნიტური ფუნქცია.  B 12 ვიტამინი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზში. ასევე უზრუნველყოფს ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას და ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას. B12 ვიტამინის ნორმალური დონე განსაზღვრავს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას. ამცირებს ნერვის დაზიანებით გამოწვეულ ტკივილს. ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია B 12 ვიტამინის ნორმალურ დონეზე. იგი მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ენერგიის წარმოქნაში. 

B 12 ვიტამინი იგივე კობალამინი, არის წყალში ხსნადი B გუფის ვიტამინი. B 12 ვიტამინის მიღება ხდება მხოლოდ მიღებული საკვებიდან, მას ორგანიზმი არ გამოიმუშავებს.

რა კლინიკური სურათი ახასიათებს ვიტამინი  B 12-ის დეფიციტს?

თუ არ ხდება ვიტამინი B 12-ის შემცველი პროდუქტის საკმარისი რაოდენობით მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმში აღინიშნება მისი დეფიციტი, რისი ნიშანიც გახლავთ ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში,  ქვედა კიდურების შეშუპება, თავბრუხვევა, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებზე, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებზე, ტკივილი ენის წვერის არეში, უმადობა, ფაღარათი, სიარულის გაძნელება, მეხსიერების დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა.

ახალშობილებში B 12 ვიტამინის დეფიციტის ფონზე აღინიშნება რეფლექსების დარღვევა, ადვილად გაღიზიანებადობა, ზრდა-განვითარების გაძნელება. B 12 ვიტამინის დეფიციტი აუარესებს ნერვული სისტემის მუშაობას, აზიანებს თავის ტვინს და ზოგადად ნერვულ ბოჭკოებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში გაზრდილია რისკი დემენციის და გაუარესებულია ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების მიმდინარეობა, უარესდება ხასიათი, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციებიც.

B 12 ვიტამინის დეფიციტის ფონზე ვითარდება B 12 დეფიციტური ანემია, ანუ სისხლნაკლებობა. გამომდინარე იქიდან, რომ კობალამინი მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, მისი დეფიციტის ფონზე აღინიშნება ანემია. B 12 დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია პირის სიმშრალე, წონის კლება, ფერმკრთალი ან მცირედ გაყვითლებული კანი, დიარეა, ქალბატონებში ასევე აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

რა შეიძლება იყოს B 12 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი?

B 12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს არაბალანსირებული, არასათანადო კვების ფონზე, ძირითადად 50 წელზე მეტი ასაკის პირებში. 

ხორცის პროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მკაცრი შეზღუდვისას ორგანიზმში აღინიშნება B 12 ვიტამინის დეფიციტი. ამ პრობლემას ხშირად ვხვდებით ვეგეტარიანელ პირებში. მკაცრი ვეგანური კვების ფონზე საშუალოდ 3-5 წლის შემდეგ ვითარდება მისი დეფიციტი. 

B 12 ვიტამინის რამდენიმე წლის მარაგია ღვიძლში, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არასაკმარისი რაოდენობით იღებს მას, ხდება მისი მარაგიდან მოხმარება. თუ ყოველდღიურად არ ხდება საკმარისი რაოდენობით კობალამინის მიღება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს რადგან ამ დროს ორგანიზმი საჭირო ოდენობით კობალამინს იყენებს ღვიძლში არსებული დეპოდან. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც გაზრდილი დღიური მოთხოვნილების ფონზე ასევე აქტიურად ხდება ღვიძლიდან კობალამინის მარაგიდან მოხმარება. ვეგანური კვების ფონზე, როცა რაციონიდან ამოღებულია B12 ვიტამინის შემცველი პროდუქტები 3-5 წელი ორგანიზმში  კობალამინის დეფიციტი არ აღინიშნება, რადგან კვლავ აქტიურად ხდება მისი მოხმარება ღვიძლში არსებული დეპოდან. შემდგომში კი B12 ვიტამინის დეფიციტის გამოვლენა გარდაუვალია.

B 12 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს მალაბსორბცია, ანუ შეწოვის გაძნელება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს. კუჭ-ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ასევე აღინიშნება კობალამინის შეწოვის გართულება და მისი დეფიციტი. მაგალითად კუჭის ან წვრილი ნაწლავის რეზექციიდან დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ ღვიძლში არსებული მარაგის ამოწურვის შემდგომ პაციენტები საჭიროებენ B 12 ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრას შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობით. 

ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ანაციდური გასტრიტი, ატროფიული და ჰიპოაციდური გასტრიტი, კრონის დაავადება, ცელიაკია, ადისონ-ბირმერის დაავადება, სპრუ, ონკოლოგიური დაავადებები, გრანულომატოზი, ენტერიტები, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დივერტიკული, ჰელმინთოზები, ღვიძლის ციროზი, C ჰეპატიტი და სხვა დაავადებები ასოცირებულია B 12 ვიტამინის დეფიციტთან. 

როცა B 12 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი მისი შეწოვის დარღვევაა, შესაძლოა ადამიანი იღებდეს კობალამინის შემცველ პროდუქტს საკმარისი რაოდენობით, მაგრამ არ ხდებოდეს მისი სათნადო, საკმარისი რაოდენობით  შეწოვა. შეწოვის დარღვევის დროს ასევე უეფექტოა B 12 ვიტამინის პერორალური მიღება ანუ ტაბლეტის სახით მიღება. ასეთ შემთხვევაში ეფექტურია B 12 ვიტამინის ინექციის სახით გაკეთება ექიმის დანიშნულებისამებრ.

ასევე გარკვეული მედიკამენტების მიღების ფონზე ქვეითდება კობალამინის შეწოვა. მეტფორმინი რომელიც არის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი, კუჭის დამცავი საშუალებები (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), კოლხიცინი, ნეომიცინი, ამინოსალიცილის პრეპარატები და სხვა ამცირებს ორგანიზმიდან B 12 ვიტამინის შეწოვას.

რომელი პროდუქტები შეიცავს B12 ვიტამინს? 

ვიტამინი B 12-ს შეიცავს თევზი, საქონლის ხორცი, საქონლის ღვიძლი და თირკმელები, კვერცხი, რძის პროდუქტები, სოკო, სოიო. B 12 ვიტამინის წყარო არის ცხოველური პროდუქტები, ბოსტნეული პრაქტიკულად არ შეიცავს. 

შეიცავს თუ არა საფრთხეებს B12 ვიტამინის სიჭარბე?

B 12 ვიტამინის ისე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის დანიშნულების გარეშე თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდირებული. საჭიროების გარეშე მისი მიღება არ შეიძლება. საყურადღებოა როგორც B 12 ვიტამინის დეფიციტი ასევე მისი სიჭარბე. 

ამერიკის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის რეკომენდაციით ბავშვებისა და ზრდასრული პირებისთვის რეკომენდირებულია 2,4 მკგ კობალამინის მიღება დღეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება გაზრდილია, შესაბამისად რეკომენდირებულია ორსულობის პერიოდში 2,6 მკგ, ხოლო ლაქტაციის პერიოდში 2,8 მკგ B 12 ვიტამინის მიღება დღეში. თუმცა B 12 ვიტამინის შემცველი პროდუქტის ჭარბი მიღება ორგანიზმზე უარყოფითი ეფექტით არ ხასიათდება, განსხვავებით მედიკამენტებისაგან. საჭიროების გარეშე B 12 ვიტამინის მედიკამენტის სახით მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×