რეზონანსი
08.11.2020

სელი სასარგებლო მცენარეა, რომელიც უძველესი დროიდან აქტიურად გამოიყენებოდა საყოფაცხოვრებო სფეროში, მათ შორის ხალხურ მედიცინაში. ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნეში ჰეროდოტე სელის დამუშავების ერთნაირ ტექნოლოგიას საკმარის არგუმენტად მიიჩნევს იმისათვის, რომ კოლხები და ეგვიპტელები მონათესავე ხალხებად გამოაცხადოს. გავრცელებულია სელის რამდენიმე სახეობა, რომელთაც განსხვავებული გავლენა შეუძლია იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა განაპირობებს სელის სასარგებლო თვისებებს?

სელი შეიცავს შეუცვლელ ცხიმებს: ალფა ლინოლენის მჟავას (ALA)  რომელიც ღვიძლში გარდაიქმნება ეიკოზაპენტაენოის მჟავად (EPA) და დოკოზაჰექსანის მჟავად (DHA). EPA და DHA ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვნად ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს ორგანიზმში. სელის მესამედი უკავია ცხიმებს. ძირითადად წარმოდგენილია ALA, რაც თავის მხრივ აერთიანებს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს. 

ჩატარებულია კვლევა, სადაც 3 თვის მანძილზე იღებდნენ 3 გრამ ომეგა 3-ს. შედეგად შემცირდა ათეროგენობის ინდექსი და შინაგანი ორგანოების გაცხიმოვნების ხარისხი. 7.2 გრ სელის თესლი შეესაბამება 1 გრამ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. 

სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, რაც ააქტიურებს პერისტალტიკას, (ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, მონელებას), ამცირებს ყაბზობას. სელის დახმარებით უმჯობესდება სანაღვლე სისტემის ფუნქციონირება. სელის ნახარშის მიღება დამცავი ფენის სახით ეკვრის კუჭის ლორწოვან გარსს, იცავს მას დაზიანებისგან, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ამცირებს კუჭის დაზიანებას მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში. სელის ნახარშის მიღება რეკომენდირებულია გასტრიტის, ეზოფაგიტის და დუოდენიტის დროს (კუჭის, საყლაპავი მილის და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება). 

რა გავლენას ახდენს სელის თესლი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

სელი თავისი შემადგენლობით სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის ომეგა 3-ის დახმარებით აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს სისხლში. შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლძარღვებში სისხლის გამავლობას. ომეგა 3-ის გავლენით უმჯობესდება მხედველობა, იზრდება შრომისუნარიანობა. 

ომეგა 3-ის დახმარებით სელის თესლი ამცირებს კარდიოლოგიურ პრობლემებს, ეფექტურია გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებისთვის, ასევე დადებითად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებზე, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, მეხსიერებას და ამცირებს ინსულტის რისკს. სელს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანთებითი პროცესების მკურნალობის პროცესში სასურველია სელის რაციონში ჩართვა.

სელი დატვირთულია ვიტამინებითა და მინერალებით. შეიცავს E, D და B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ქრომი, სელენი, თუთია, მანგანუმი, იოდი, ბორი და სხვა. თეთრი სელის მარცვლები შეიცავს ფიტოესტროგენებს ანუ ქალის სასქესო ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს.

რა განსხვავებაა თეთრსა და მუქ სელის თესლს შორის?

თეთრი სელის მარცვლები უფრო დიდი დოზით შეიცავს ფიტოესტროგენებს ანუ ქალის სასქესო ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. შავ მარცვლებში ფიტოესტროგენები გაცილებით ნაკლებია. 

ფიტოესტროგენების გავლენით სელის თესლის მიღება განსაკუთრებით ეფექტური და სასურველია მენოპაუზის მქონე ქალებისათვის. სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს მენოპაუზისთვის დამახასიათებელ ჩივილებს. 

სელის თესლი ყველაზე დატვირთული ესტროგენული აქტივობის მცენარეული პროდუქტია. მისი მიღება კარგია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვისაც. ფიტოესტროგენული აქტივობის დახმარებით სელი აუმჯობესებს ემოციურ ფონს, ამცირებს დეპრესიულ განწყობას, ზრდის თვითშეფასებას. ქალებში ესტროგენების დეფიციტის დროს ექიმების რეკომენდაცია სელის თესლის აქტიური მოხმარებაა.

მამაკაცების ორგანიზმში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული დოზით ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონები), შესაბამისად, არც სელის სახით მიღებული ფიტოესტროგენები ქმნის რაიმე პრობლემას. თუმცა, უმჯობესია მამაკაცებმა სელი მოიხმარონ გარკვეული პერიოდულობით, თანაც მკაცრად დოზირებულად. 

რამდენად მნიშვნელოვანია სელის თესლის დოზა ეფექტური შედეგისათვის?

მედიცინაში წამლის დოზირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგისათვის. მკაცრი დოზირება უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკისთვისაც. სწორედ ასეთ შემთხვევაშია სელის გამოყენება ეფექტური სწორი კვების დროს, განსაკუთრებით ჭარბი წონის კლების პროცესში.

აქვე გთავაზობთ კონკრეტულ სელის მიღების რამდენიმე სასურველ რეცეპტს. წონის დაკლების დროს  1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და 1 ს.კ. თაფლი. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად და მიირთვით კვებამდე 30 წუთით ადრე დღეში 2 ჯერ. 

წონის დასაკლებად ასევე შესაძლებელია სელის თესლის მაწონთან ერთად მიღება. 1 ჩ.კ სელის თესლი 150 მლ მაწონთან ან კეფირთან ერთად. რეკომენდირებულია მიირთვათ დღეში 3 ჯერ, კვებამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა 3 ჩ.კ სელის თესლია. 

გასტრიტის შემთხვევაში შეგიძლიათ 2 სუფრის კოვზი სელის თესლს დაუმატოთ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 10 წუთი, გააგრილოთ და მიიღოთ 100-150 მლ კვებამდე 20-30 წუთით ადრე 1-2 ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

ყაბზობის სამკურნალოდ 3 ჩ.კ გაღივებული სელის თესლი მიიღეთ 2-3 ჯერ დღეში 1 ფინჯან წყალთან ერთად. სელის მიღება ეფექტურია სასუნთქი სისტემის და ყელის დაავადებების დროსაც.

ყოველი კვების წინ მიღებული სელის თესლი მაწვნით იწვევს კუჭის სისავსის შეგრძნებას, შედეგად დამაკმაყოფილებელია სადილის შედარებით მცირე ულუფის მირთმევა. შემცირებული რაციონის ფონზე კი ჭარბი წონის დაკლება უფრო მარტივია. 

სელის თესლის მიღება დიეტის დროს ნებადარათულია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი აუცილებელია შესვენება 2 კვირით. კურსის გამეორება შესვენების შემდეგ კვლად ნებადართულია. ჭარბი წონის დაკლების მსურველებმა უმჯობესია სელის მარცვლები ყოველი მირთმევის წინ დაფქვან. სელის თესლი ხელს უწყობს ერთი მხრივ წონის კლებას, მეორეს მხრივ კი ავსებს ორგანიზმს მიკრო და მაკრო ელემენტებით, აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას. 

სელის რეკომენდირებული დასაშვები დღიური ნორმა არის 10-50 გრ დღეში. დიდი რაოდენობით სელის მიღება, ან ხანგრძლივად შესვენების გარეშე მიღება რეკომენდირებული არ არის. ჭარბი რაოდენობით სელი გამოიწვევს მდგომარეობის გაუარესებას და არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანს. 

როგორ უნდა მივიღოთ სელის თესლიდან მაქსიმალური სარგებელი?  

მნიშვნელოვანია, რომ სელის მიღების შემდეგ მივიღოთ დაახლოებით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. სელის მიღების შემდეგ, ნაწლავებში ხდება სელის მოცულობაში გაზრდა. იმისათვის რომ მოცულობაში გადიდებული სელის მარცვლები შეკრულობის მიზეზი არ გახდეს აუცილებელია სელის მირთმევის შემდეგ ერთი ფინჯანი წყლის მიღება.

ჭარბი წონის დაკლებისას დიეტურ რაციონში სელის თესლს საპატიო ადგილი უკავია. მისი მოხმარება დიეტის დროს ამცირებს მადას, მიღებული საკვების მოცულობას და ასევე მიღებული საკვების გადამუშავების გაუმჯობესების ფონზე ამცირებს ყაბზობას, მუცლის შებერილობას. მოწესრიგებული კუჭის მოქმედება მნიშვნელოვანია ჭარბი წონის დაკლებისას. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×