
დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხშირია როგორც შაქრიანი დიაბეტი, ასევე სიმსუქნის, ჭარბი წონის, პრობლემა. ხშირად გამოიყენება ხელოვნური დამატკბობლები რაფინირებული შაქრის ნაცვლად.
რამდენად უსაფრთხოა მათი რეგულარული მოხმარება, არის თუ არა ნებადართული ხელოვნური დამატკბობლები დიეტის დროს, რა სასარგებლო და უარყოფითი ეფექტები შეიძლება ქონდეს მის გამოყენებას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
რით განსხვავდებიან ხელოვნური დამატკბობლები შაქრისგან?
ხელოვნურ დამატკბობლებს ხშირად მოიხმარენ დიაბეტიანი ადამიანები, ასევე დიეტის დროს რაფინირებული შაქარი ხშირად ჩანაცვლებულია ხელოვნური დამატკბობლებით.
საკვების დატკბობა, ისე რომ არ გაიზარდოს მისი კალორიულობა, წონის კლების დროს დიეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელოვნური დამატკბობლები შაქრისგან განსხვავებით უმნიშვნელოდ მოქმედებენ ნახშირწყლოვან ცვლაზე და არ იწვევენ სისხლში შაქრის დონის მომატებას. სხვაობა კალორიულობის თვალსაზრისით საკმაოდ დიდია. მაგალითად დაახლოებით 350 მლ საშუალო ზომის ტკბილი გაზიანი სასმელი შეიცავს 150 კკალ-ს. იგივე რაოდენობის დიეტური ტკბილი გაზიანი სასმელი კი 0 კკალ-ს.
სწორედ ამ თვალსაზრისით არის მიმზიდველი ხელოვნური დამატკბობლები. თუმცა, გარდა იმისა რომ დაბალკალორიული პროდუქტია, მეტი სიფრთხილეა საჭირო ხელოვნური დამატკბობლების გამოყენებისას.
ხელოვნური დამატკბობლები იყოფა ბუნებრივ და სინთეზურ შაქრის შემცვლელებად. ბუნებრივი შაქრის შემცვლელები მიიღება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და ორგანიზმზე გავლენა დადებითია. ბუნებრივი შაქრის შემცვლელებია: თაფლი, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, სორბიტი, ქსილიტი და სხვა. ისინი შაქრის მსგავსად კალორიული პროდუქტებია.
ხელოვნური შაქრის შემცვლელებია სუკრაზინი, საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი და სხვა. მათი უპირატესობა ნაკლებ კალორიულობაა. არ იწვევენ სისხლში გლუკოზის დონის მომატებას და შესაბამისად, ნებადართულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირებისთვის.
არის თუ არა განსხვავება ხელოვნურ დამატკბობლებს შორის?
ყველა ხელოვნური დამატკბობელი ერთნაირი არ არის. მათი შემადგენლობა და ეფექტი განსხვავებულია. ამერიკის საკვებისა და წამლის ორგანიზაციის (FDA) მიერ რეკომენდირებულია ბუნებრივი დაბალკალორიული დამატკბობელი სტევია და ხელოვნური დამატკბობლები: საქარინი, აცეზულფამი, ასპარტამი, ნეოტამი და სუკრალოზა. თითოეული დამატკბობელი განსხვავებულად მოქმედებს და არჩევანის გაკეთება ხშირ შემთხვევაში რთულია.
ხელოვნური დამატკბობლების მრავალფეროვანი არჩევანიდან სტევიას შაქარი და სუკრალოზა შედარებით უკეთესი არჩევანია. ისინი ხასიათდებიან ნაკლები გვერდითი ეფექტებით. სტევიას შაქარი მზადდება სტევიას ფოთლების ექსტრაქტიდან. რაფინირებულ შაქართან შედარებით დაახლოებით 300-ჯერ ტკბილია. იგი ასევე შეიცავს მიკრო და მაკროელემენტებს: კალციუმი, ფოსფორი, კობალტი, ფტორი, C, B6 და K ვიტამინები და სხვა. სტევიას გამოყენება ნებადართულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირებისთვის.
სუკრალოზა კი სინთეზური დამატკბობელია, რომელიც მიიღება ჩვეულებრივი შაქრის გადამუშავებით. სუკრალოზა მიიღება ლერწმის შაქრის დამუშავებისგან. სპეციალური დამუშავების შედეგად მცირდება მისი კალორიულობა. სუკრალოზა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და არ აზიანებს კბილებს, არ იწვევს კარიესს. სუკრალოზა არ მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე და შესაბამისად მისი გამოყენება ნებადართულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირებისთვის.
რამდენად უსაფრთხოა ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება?
ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცალსახა პოზიცია. ამერიკის გულის ასოციაცია და ამერიკის დიაბეტის ასოციაცია მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ ხელოვნური დამატკბობლების შაქრის ნაცვლად გამოყენებისას.
ხელოვნურ დამატკბობლებს აქტიურად იყენებენ სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, შაქრიანი დიაბეტის დროს, რაც საჭიროებს მეტ სიფრთხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური დამატკბობლები არ არის იდეალური საკვები დანამატი, მათი ზომიერი რაოდენობით გამოყენება საშუალებას იძლევა რაციონში შემცირდეს თეთრი შაქრის (რაფინირებული შაქრის) გამოყენება და შესაბამისად შემცირდეს მიღებული კალორიები. კალორაჟის შემცირება კი ხელს უწყობს წონის კლებას და დაკლებული წონის შენარჩუნებას. ხელოვნური დამატკბობლების გავლენა მხოლოდ წონაზე არ აისახება.
რა გავლენა აქვს ორგანიზმზე ხელოვნური დამატკბობლების რეგულარულ გამოყენებას?
ხელოვნური დამატკბობლების რეგულარული გამოყენება ამცირებს დღიურ კალორაჟს, რის ფონზეც ზოგ შემთხვევაში უფრო თამამად არღვევენ დიეტას, მაგალითად დიეტური ტკბილი გაზიანი სასმელით ან სხვა დიეტური პროდუქტებით, რაც ზოგ შემთხვევაში აღიქმება დიეტის დროს ნებადართულ პროდუქტებად. არც თუ იშვიათად აღიქმება ე.წ დიეტური ტკბილეულის მირთმევა დიეტის შემადგენელ დასაშვებ პროდუქტად და არ ხდება მისი როგორც კვების დარღვევის აღქმა. შესაბამისად ხშირად ხდება დიეტური პროდუქტების ჭარბი მოხმარება, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ხელოვნური დამატკბობლის გამოყენებასაც აქვს თავისი რეკომენდირებული ნორმა. ჭარბად როგორც შაქრის, ასევე ხელოვნური დამატკბობლის და დიეტური პროდუქტების გამოყენება მავნეა. ხელოვნური დამატკბობელი შაქართან შედარებით ნაკლებად კალორიულია, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღება უსაფრთხო ნამდვილად არ არის.
ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება ცვლის გემოს შეგრძნებას. მათი ხშირი გამოყენება იწვევს გლუკოზის მიმართ რეცეფტორების ინტენსიურ სტიმულაციას და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირებას. ადამიანები, რომლებიც შაქრის ნაცვლად მოიხმარენ ხელოვნურ დამატკბობლებს, გემოვნების რეცეფტორების ცვლილების ფონზე შედარებით უგემურად აღიქვამენ ბოსტნეულს, ხილს და სხვა პროდუქტებს. მუდმივად ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
მკვლევარების დასკვნის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური დამატკბობლები აქვეითებენ სიტკბოს შეგრძნებას, რის ფონზეც მიღებული საკვები აღიქმება ნაკლებად ტკბილად, შესაბამისად იზრდება რისკი ტკბილეულის ჭარბი მიღების, ისე რომ არ ხდება ამის სრულად შეგრძნება. ამ პროცესის შედეგი კი წონის მატებაა.
ჩატარდა “სან ანტონიოს გულის კვლევა”, კვლევაში მონაწილე პირები ვინც იღებდნენ კვირაში 21-ზე მეტ ფინჯან სასმელს ხელოვნური დამატკბობელით ორჯერ მეტად აღენიშნებოდათ წონის მატება, განსხვავებით იმ პირებისაგან, ვინც არ მოიხმარდნენ ხელოვნური დამატკბობლის შემცველ სასმელებს.
რამდენად ხშირია ხელოვნურ დამატკბობლებზე დამოკიდებულება?
ფაქტია, რომ ხელოვნური დამატკბობლების ხანგრძლივი მოხმარებისას მათზე უარის თქმა რთულდება. ჩატარებულია მცირე კვლევა ცხოველებზე, რის თანახმადაც ხელოვნური დამატკბობლები შეიძლება დამოკიდებულებას იწვევდეს. მკვლევარების დასკვნა ასეთია: რეგულარულად ხელოვნური დამატკბობლების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გლუკოზის აუტანლობა გამოიწვიოს და შესაბამისად გაზარდოს მეტაბოლური დარღვევის ფონზე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი.
შაქრის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად ხილი, ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. იგი მდიდარია საკვები ბოჭკოთი და აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. მეორეს მხრივ რაფინირებული შაქრის მოხმატება ზრდის სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს, იმატებს ტრიგლიცერიდები, ანთების მედიატორების და თავისუფასი რადიკალების წარმოქმნა, რაც საერთო ჯამში ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და სხვა ქრონიკული დაავადების გამოვლენის რისკებს.
არის თუ არა ხელოვნური დამატკბობლები შაქრის ალტერნატივა?
ხელოვნური დამატკბობლები შაქრის ალტერნატივა არ არის. უმჯობესია უარი ვთქვათ ხელოვნური დამატკბობლების ჭარბ და რეგულარულ გამოყენებაზე. ამავდროულად მინიმუმამდე შევამციროთ რაფინირებული შაქრის მოხმარება. რაციონი შევავსოთ მრავალფეროვანი ხილით და ხილის სახით მივიღოთ შაქარი.
ხილი შეიცავს ფრუქტოზას, ბუნებრივ შაქარს. ფრუქტოზა შედის ბოსტნეულისა და თაფლის შემადგენლობაშიც. ნებისმიერი პროდუქტის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ზომიერება. თუნდაც ხილი ჭარბი რაოდენობით და დღის მეორე ნახევარში მიღებული ხშირი მიზეზია წონის მატების ფრუქტოზის შემცველობიდან გამომდინარე. ფრუქტოზის ჭარბი რაოდენობა ასტიმულირებს ლიპოგენეზს, იწვევს ინსულინრეზისტენტობას, დისლიპიდემიას (ქოლესტერინის ცვლის დარღვევას) და არტერიული წნევის მომატებას.
P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00