რეზონანსი
20.09.2020

დღევანდელი მსოფლიო გლობალური პროცესები, მასობრივი პანდემია, კაცობრიობისათვის უმძიესი ფონს ქმნის. პრევენციის მთავარი საშუალებაა იმუნურ სისტემაზე ზრუნვა. ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მინერალი სელენიუმი, რომელიც ადამიანის ორგანოთა სისტემის გამართულ მუშაობაში მონაწილეობს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა არის სელენიუმი?

სელენიუმი, იგივე სელენი მინერალია, რომელიც გვხვდება ნიადაგში, წყალში და საკვებ პროდუქტებში. ძირითადად მისი მიღება ხდება საკვები პროდუქტებიდან.  საკვებში სელენიუმის შემცველობაზე გავლენას ახდენს ნიადაგის მდგომარეობა. ნიადაგებში განსხვავებული რაოდენობითაა სელენიუმი, შესაბამისად განსხვავდება ამ ნიადაგებში მოყვანილი პროდუქტები სელენის შემცველობის მიხედვით.

სელენიუმი არის მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმში, დნმ-ის სინთეზში, აქვს ინფექციური პროცესების საწინააღმდეგო, დამცავი უნარი და დადებითი გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე. მისი გავლენით უმჯობესდება ენდოკრინული, იმუნური და კარდიო-ვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) სისტემა. 

რა სიმპტომებით ხასიათდება სელენიუმის დეფიციტი?

ყველაზე ხშირი სიმპტომები, რაც სელენიუმის დეფიციტზე მიგვანიშნებს არის: უნაყოფობა ქალებსა და მამაკაცებში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, თმის ცვენა, იმუნური სისტემის დაქვეითება.

სელენიუმის დეფიციტი ხშირია ადამიანის იმუნოდეფიტის ვირუსის მქონე პირებში (შიდსით დაავადებულ პირებში), მუდმივად თირკმლის დიალიზზე მყოფ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების, განსაკუთრებით კრონის დაავადების მქონე პირებში. ეს დაავადებები აუარესებს ორგანიზმიდან სელენიუმის შეწოვას, რაც შესაბამისად სელენიუმის დეფიციტის მიზეზია. 

სელენიუმის დეფიციტის ფონზე გამოხატულია ორსულობის პერიოდში არტერიული წნევის მცირედ მომატება და შარდში ცილის არსებობა. სელენიუმის დეფიციტი შეიძლება გახდეს პრეეკლამფსიის მიზეზი ორსულობისას. რეკომენდირებულია ორსულობისას დღეში 60-100 მკგ სელენიუმის მიღება. ორსულობის პერიოდში სელენის მიღება უმჯობესია საკვები პროდუქტებიდან.

საუბარია იმაზეც, რომ სელენიუმის დეფიციტი გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციაზე, თუმცა, ამის დამადასტურებელი კვლევები საკმარისი რაოდენობით ჯერჯერობით ჩატარებული არ არის. 

სელენიუმის დეფიციტის გამოვლენა ანალიზის საშუალებით საკმაოდ რთულია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაკეთდეს გლუტათიონ პეროქსიდაზას განსაზღვრა, იგი გახლავთ ენზიმი, რომელიც მონაწილეობს სელენიუმის აქტივობაში. თუ გლუტათიონ პეროქსიდაზას დონე არის დაბალი, შესაბამისად დაბალია სელენიუმის დონეც. სელენის განსაზღვრა ხდება თმაში, სისხლსა და შარდში, თუმცა ამის რესურსი ყველგან არ არის. პაციენტებს არსებული დაავადებების შესაბამისად ვურჩევთ სელენის რეკომენდირებულ დღიურ დოზას საჭიროებიდან გამომდინარე. თუ პაციენტს აქვს გარკვეული დაავადება, ან ჩივილები რომელიც საჭიროებს სელენიუმით მკურნალობას კვლევის ჩატარების გარეშე ენიშნებათ სელენის შემცველი მედიკამენტები ექიმის მიერ შესაბამისი დოზით და ხანგრძლივობით.

რა გავლენას ახდენს სელენიუმი ფარისებრი ჯირკვალზე?

სელენიუმის დადებითი გავლენა მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებების დროს, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და სხვა, ასევე ეფექტურია კვანძოვანი ჩიყვის დროს მკურნალობის პროცესში. 

ფარისებრ ჯირკვალში სელენი შედის ისეთი სელენპროტეინების, ანუ ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც განაპირობებენ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი თიროქსინი ანუ T4  ამ ფერმენტების დახმარებით გარდაიქმნება ტრიიოდთირონინად ანუ T3-ად. სელენპროტეინები აუმჯობესებენ თირეოიდული ჰორმონების როგორც სინთეზს, ასევე მიწოდებას ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებამდე. გარდა ამისა, იცავენ ფარისებრ ჯირკვალს ტოქსიური მოქმედებისაგან. 

სელენის დეფიციტის ფონზე ხშირ შემთხვევაში გამოხატულია იოდდეფიციტიც. ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობისათვის მნიშვნელოვანია იოდისა და სელენიუმის ნორმალური დონე ორგანიზმში. სელენიუმის დადებითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე საკმაოდ მრავალმხრივია. დღეში საშუალოდ 200 მკგ სელენიუმის მიღება აუმჯობესებს როგორც თირეოიდული ჰორმონების გამოყოფას (T3, T4), ასევე ამცირებს ანტისხეულების დონეს ფარისებრი ჯირკვლის მიმართ. 

რამდენად ეფექტურია სელენიუმი სიმსივნის პრევენციისათვის?

სელენიუმი აძლიერებს იმუნიტეტს და შესაბამისად ეფექტურია როგორც იმუნოდეფიციტის, ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში, რადგან ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა აქვეითებს იმუნურ სისტემას. ქიმიოთერაპიების და სხივური თერაპიების შემდგომ პერიოდში რეკომენდირებულია სელენით მდიდარი პროდუქტების მიღება.

ჩატარებულია მცირე კვლევა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებსა და სელენიუმის დეფიციტს შორის. კვლევის შედეგებმა გამოავლინა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების რისკის შემცირება სელენიუმის ნორმალური დონის მქონე პირებში. სელენს აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული მოქმედება, შესაბამისად, დადებითი ეფექტით ხასიათდება სიმსივნური დაავადებების მიმართ. სელენიუმი ხასიათდება დადებითი ეფექტით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ლიპიდურ ცვლაზე. 

კოვიდ 19-თან მიმართებაში დადასტურებული  სელენიუმის სარგებელი გამოვლენილი არ არის.

სელენი ასევე უზრუნველყოფს კანის დაცვას, იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებას და ხელს უშლის კანზე ნაოჭების წარმოქმნას. სელენიუმის დახმარებით მცირდება მზის ულტრაიისფერი სხივებით დაზიანება, ანთება და პიგმენტაცია. სელენი აქტიურად გამოიყენება სახის მოვლის საშუალებებში. 

რომელი პროდუქტები შეიცავენ სელენიუმს?

სელენიუმს შეიცავს ბანანი, ბრინჯი, მთლიანი მარცვლეული, თხილი, კიბორჩხალა, საქონლის ღვიძლი, თევზი, განსაკუთრებით თინუსი და ორაგული, ფრინველის ხორცი, ხორბალი, პური, თხილი, ნიორი, ქოქოსი, მზესუმზირა, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი და სხვა პროდუქტები. მაგალითად 100 გრამი თინუსი შეიცავს 92 მკგ სელენიუმს. 

სელენიუმის დეფიციტი არ არის ხშირი, საკვები პროდუქტებით ძირითადად ხდება დღიური ნორმის მიღება. 

რა რაოდენობის სელენიუმია საკმარისი დღიურ ნორმად?

სელენიუმის დღიური ნორმა განსხვავდება ასაკის მიხედვით. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ მოწოდებული რეკომენდაციით 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებულია 15-20 მკგ სელენიუმის მიღება დღეში. 3 წლიდან 8 წლამდე - 30 მკგ, 9დან 13 წლამდე 40 მკგ, ხოლოდ 14 წლიდან ზემო 55 მკგ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებულია სელენის 60-70 მკგ მიღება დღის განმავლობაში. სელენის დღიური ნორმის მიღება მარტივად არის საკვები პროდუტებიდან, შესაბამისად სელენის დეფიციტი არ გახლავთ ხშირი პრობლემა. თუმცა, არის დაავადებები რომელთა დროსაც რეკომენდირებულია 200-400 მკგ სელენის ჩართვა მკურნალობის პროცესში უკეთესი პროგნოზისთვის. 

მიუხედავად სელენიუმის ფართო დადებითი ეფექტებისა თვითნებურად მისი მიღება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის სასურველი. 

არის თუ არა საშიში სელენიუმის სიჭარბე?

დღეში 400 მკგ-ზე მეტი სელენიუმის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სელენიუმის სიჭარბე, რაც ისე როგორც დეფიციტი - არასასურველია. ჭარბი რაოდენობით სელენიუმის მიღების ფონზე აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×