რეზონანსი
06.09.2020

დღეს მსოფლიოში საკმაოდ ხშირია სიმსუქნის პრობლემა. დღითიდღე მკვეთრად იზრდება სტატისტიკური მონაცემები, როგორც მოზრდილთა, ასევე, სამწუხაროდ, ბავშვთა ასაკშიც. სიმსუქნის დროს წონის დასაკლებად ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს, ასევე ხშირად აღნიშნავენ, რომ მკაცრი დიეტის მიუხედავად, უჭირთ წონის კლება, ან იმდენად უძნელდებათ დიეტის დაცვა, რომ სასურველი შედეგის მიღწევამდე ვერ ახერხებენ სწორი კვებითი რეკომენდაციების შესრულებას. 

ეს  სიმპტომები მეტაბოლური დარღვევების ერთ-ერთი ნიშანია. მათგან ყველაზე გავრცელებულია ინსულინრეზისტენტობა, რის შესახებაც ჩნდება უამრავი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა იწვევს ინსულინრეზისტენტობას?

ინსულინრეზისტენტობა არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, პოპულარულ ენაზე სისხლში შაქრის ცვლის დარღვევა და პერიფერიული ქსოვილების მდგრადობა (რეზისტენტობა) გლუკოზის მიმართ.  ინსულინრეზისტენტობისას არ ხდება ქსოვილებთან გლუკოზის დაკავშირება. რის საპასუხოდაც პანკრეასი ზრდის დატვირთვას და იწყებს ინსულინის ჭარბი რაოდენობით სეკრეციას, რათა შეანარჩუნოს შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებში. 

ინსულინრეზისტენტობის განვითარების მიზეზებია: ჭარბი წონა ან სიმსუქნე, მაღალკალორიული კვება, ტკბილეულის და ცომეულის ხშირი მოხმარება, უმოძრაო ცხოვრების წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა, სტეროიდული მედიკამენტების ხანგრძლივი მოხმარება, ხშირი სტრესი, კუშინგის დაავადება და საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი.

ინსულინრეზისტენტობის დროს  შესაძლოა ადამიანს არც კი ქონდეს გამოხატული რაიმე სახის ჩივილი ან სიმპტომი და სრულიად შემთხვევით ჩატარებული გამოკვლევით გამოვლინდეს.  საწყის ეტაპზე ინსულინრეზისტენტობა ჩივილების გარეშეა.

რა სიპტომებით უნდა გავაცნობიეროთ, რომ ინსულინრეზისტენტობასთან გვაქს საქმე?

კლინიკური პროცესის განვითარების დროს იკვრება მანკიერი წრე: იზრდება მოთხოვნილება ნახშირწყლოვან საკვებზე, რის ფონზეც იმატებს სისხლში შაქრის დონე, ამის საპასუხოდ პანკრეასი გამოყოფს მეტ ინსულინს, რომ შენარჩუნდეს სისხლში შაქრის ნორმალური დონე, თუმცა, ჰიპერინსულინემიის ფონზე იმატებს ცხიმოვანი ქსოვილი (იზრდება მუცლის ცხიმის რაოდენობა) და ძლიერდება შიმშილის შეგრძნება, რაც თავის მხრივ კვლავ აძლიერებს მადას და ზრდის ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილებას. 

ინსულინრეზისტენტობისას გამოხატულია საკვების მიღების მოთხოვნილება, გაძლიერებულია მადა და წყურვილი, გახშირებულია შარდვა, გამოხატულია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ასევე აღინიშნება კანის ფერის გამუქება, გაშავება, განსაკუთრებით კისრის უკანა ზედაპირზე და იღლიის არეში, მისთვის დამახასიათებელ კანის ფერის ცვლილებას შავი აკანტოზი (Acanthosis nigricans) ეწოდება. ინსულინრეზისტენტობის დროს ასევე დარღვეულია მგრძნობელობა ზემო და ქვემო კიდურებში, რაც შეიძლება გამოვლინდეს ჩხვლეტის შეგრძნებით.

ინსულინრეზისტენტობისას დარღვეულია მეტაბოლური პროცესები ადამიანის ორგანიზმში, რაც მოიცავს: გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას, არტერიულ ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას, განსაკუთრებით ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის მომატებას, ვისცერალურ გაცხიმოვნებას, სისხლის შედედების დარღვევას, ჰიპერურიკემიას, საკვერცხის პოლიცისტურ სინდრომს. 

მათი ერთობლიობა იწვევს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკის გაზრდას, რის ფონზეც ასევე იზრდება ინფარქტის, ინსულტის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის რისკი. 

როგორ დგინდება ინსულინრეზისტენტობა?

ინსულინრეზისტენტობის დადგენა შესაძლებელია ჰომეოსტატიკური დამხმარე მოდელის იგივე HOMA ინდექსის გამოთვლით. ამისთვის საჭიროა უზმოდ ინსულინის დონე (mIU/L) გავამრავლოთ უზმოდ გლუკოზის დონეზე სისხლში (მგ/დლ) და მიღებული შედეგი გავყოთ 405-ზე. ასევე შესაძლებელია C-პეპტიდით და გლუკოზით გამოთვლაც, რაც უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. მნიშვნელოვანია რომ გლუკოზის და ინსულინის (ან C-პეპტიდის) განსაზღვრა სისხლში გაკეთდეს ერთდროულად. 

ასევე შესაძლებელია სპეციალური კალკულატორის გამოყენება რისი დახმარებითაც მარტივად არის შესაძლებელი ინსულინრეზისტენტობის გამოთვლა. HOMA ინდექსის კალკულატორის მოძებნა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ სივრცეში ასევე მობილური ტელეფონის აპლიკაციებში.

რა საშიშროება ახლავს ინსულინრეზისტენტობას?

ინსულინრეზისტენტობა სხვა მეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკებსაც ზრდის. ინსულინრეზისტენტობის პოტენციური გართულებებია: მწვავე მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია (სისხლის შრატში გლუკოზის დონის მომატება და შემცირება), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და სხვა.

ინსულინრეზისტენტობის არსებობა საკმაოდ საყურადღებოა, რადგან მისი პროგრესირების შემთხვევაში, თუ არ ხდება აღნიშნული პრობლემის სათანადო მკურნალობა და მოგვარება, ინსულინრეზისტენტობიდან ეტაპობრივად ხდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენა. 

ინსულინრეზისტენტობა გამოხატულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და გესტაციური დიაბეტის ანუ ორსულთა დიაბეტის დროს. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინრეზისტენტობა არ არის. 

ამ შემთხვევაში კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ბეტა უჯრედების დესტრუქციის ფონზე არ ხდება სათანადო რაოდენობით ინსულინის სეკრეცია. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპები კი განპირობებულია გენეტიკური დეფექტებით, რაც ცვლის პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციას, ასევე პანკრეასის დაავადებებით, ან მედიკამენტებით განპირობებული პროცესებით.

როგორ ინკურნება ინსულინრეზისტენტობა?

ინსულინრეზისტენტობის იდეალური მართვა ხდება მრავალმხრივი მედიკამენტური მკურნალობით, დიეტოთერაპიით და ფიზიკური აქტივობის გაზრდით. მხოლოდ დიეტა ანუ სწორი კვება ინსულინრეზისტენტობის მოსაგვარებლად ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა თანმხლები მეტაბოლური პროცესების მოწესრიგება. მაგალითად, როცა დარღვეულია ქოლესტერინის დონე სისხლში, ან არის საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი, ან გამოხატულია არტერიული წნევის მომატება. აღნიშნული პროცესები საჭიროებს თავის მხრივ მიზანმიმართულ მკურნალობას, რადგან მათი მოგვარების გარეშე მხოლოდ ინსულინრეზისტენტობაზე ზრუნვა საკმარისი არ არის. 

ინსულინრეზისტენტობა სრულიად მართვადი მდგომარეობაა. სწორი კვებით და მკურნალობით შესაძლებელია ინსულინრეზისტენტობის მოგვარება და შესაბამისად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია. სათანადო ყურადღების გარეშე კი ინსულინრეზისტენტობას მოსდევს სისხლში შაქრის დონის მომატება და შემდგომში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×