რეზონანსი
30.08.2020

ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ყოველდღიურ რაციონში, მათ შორის გამორჩეულია ჭარხალი, რომლის შემადგენლობა საკმაოდ ღირებულია. ჭარხალი არის დაბალკალორიული ბოსტნეული, რომელიც უხვად შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს. შესაბამისად ჩნდება უამრავი კითხვა

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება ჭარხალი?

ჭარხალი დაბალკალორიული ბოსტნეულია - 100 გრ ჭარხალი 44 კილოკალორიაა. ჭარხალი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, რკინით, B6 და C ვიტამინით. 

ჭარხალი შეიცავს იოდს და კარგია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იოდის შემცველი პროდუქტების მიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. 

ფოლიუმის მჟავის დამსახურებით ჭარხლის მირთმევა რეკომენდირებულია ორსულობის პერიოდში, რადგან ფოლიუმის მჟავა დადებითად მოქმედებს ორსულობის დროს ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. 

ჭარხალი ასევე კარგია იმ პირებისთვის რომელთაც აქვთ სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე. ჭარხლის შემადგენელობაში შემავალი რკინა ზრდის ჰემოგლობინის დონეს. 

ვიტამინების და მინერალების გარდა, ჭარხლის შემადგენლობაში შედის არაორგანული ნიტრატები რაც ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათი დახმარებით ფართოვდება სისხლძარღვები და მცირდება არტერიული წნევა 4-10 მმ.ვწყ.სვ-ით. 

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტი ნარჩუნდება ჭარხლის მიღებიდან დაახლოებით 5-6 საათი. ჭარხალს აქვს არტერიული წნევის მცირედ დამაქვეითებელი ხანმოკლე მოქმდება მხოლოდ მისი მირთმევის შემდეგ. ჭარხლის ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენება კი გარკვეული პრევენციაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, რაც დღეს მსოფლიოს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. 

ჭარხლის შემადგენელი არაორგანული ნიტრატების გავლენით ასევე იზრდება უჯრედებამდე ჟანგბადის მიწოდება, რის ფონზეც თავისთავად იზრდება შრომისუნარიანობა და უმჯობესდება ენერგეტიკული ბალანსი. ნიტრატების მაქსიმალური მაჩვენებელი სისხლის პლაზმაში აღინიშნება ჭარხლის მირთმევიდან საშუალოდ 2-3 საათში. თავის ტვინის გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევის ფონზე კი თავისთავად უმჯობესდება კოგნიტური ფუნქციაც. 

ჭარხალი შეიცავს ბეტალაინის, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ჭარხლის შემადგენელი საკვები ბოჭკო მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, საკვების მონელებას. ერთი ფინჯანი ჭარხლის წვენი შეიცავს 3-4 გრამ საკვებ ბოჭკოს, რაც საკმარისად ეხმარება ადამიანს საკვების უკეთესად გადამუშავებაში. საკვების მონელების გაუმჯობესებასთან ერთად ჭარხალი ბეტალაინის დახმარებით ასევე ამცირებს ჩივილებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და დივერტიკულიტების დროს. ზოგადად საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობის წინაპირობაა. შესაბამისად ჭარხალი საპატიო ადგილს იკავებს ჯანსაღი კვების რაციონში. 

ქმნის თუ არა  საფრთხეებს ის, რომ ჭარხალი შეიცავს შაქარს?

მიუხედავად იმისა რომ ჭარხალი შეიცავს შაქარს, მისი მიღება ასოცირებულია წონის კლებასთან, იმ პირებში რომელთაც არ აქვთ დარღვეული ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი. ჭარხალი ერთ-ერთი დაბალკალორიული ბოსტნეულია, მასში წყლის შემცველობაც მაღალია. საკვები ბოჭკოს გავლენით ჭარხალი ამცირებს მადას. სამწუხაროდ რაიმე კონკრეტული კვლევა ამის შესახებ ჩატარებული არ არის, თუმცა მისი ზომიერი რაოდენობით მიღება გაუმჯობესებული ნაწლავის ფუნქციის ფონზეც დადებითად მოქმედებს ჭარბი წონისას. 

სიმსუქნის შემთხვევაში კი ჭარხლის ხშირი მიღება საჭიროებს მეტ სიფრთხილეს. სიმსუქნის დროს პირველ რიგში აუცილებელია კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხოს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. მხოლოდ შემდეგ არის ნებადართული რაციონში ჭარხლის ხშირი ჩართვა. ჭარხლის შეზღუდვა ეხება ნებისმიერი ტიპის (ტიპი 1, ტიპი 2 და სხვა) შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებსაც. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის ჭარხლის მიღება რა თქმა უნდა არ არის აკრძალული. დაშვებულია მისი ზომიერი რაოდენობით მოხმარება, კვირაში 1-2 დღე. 

ჭარხალს აქვს ანტიკანცეროგენული მოქმედების ეფექტი. იგი ამცირებს ორგანიზმში უჯრედების თავისუფალი რადიკალებით დაზიანებას, შესაბამისად ონკოლოგიური პაციენტებისთვის ჭარხლის მიღება სასარგებლოა.

რა უარყოფითი მოვლენები ახლავს ჭარხლის მიღებას?

მიუხედავად იმისა რომ ჭარხლის დადებითი თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, აქვს გამოხატული უარყოფითი ეფექტებიც. კერძოდ მის შემადგენლობაში არის ოქსალატები, რაც აუარესებს კალციუმის შეწოვას. დიდი რაოდენობით ჭარხლის მოხმარება ზრდის თირკმელ-კენჭოვანი დაავადების განვითარების რისკაც. 

ჭარხალი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი. 100 გრ ჭარხლის მიღება სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად არ მოამატებს, თუმცა მისი ხშირი და ჭარბი მიღება თავისთავად უარყოფითად აისახება სისხლში შაქრის დონეზე. 

როგორ შევუნარჩუნოთ ჭარხლის სასარგებლო თვისებები?

ჭარხლის სასარგებლო თვისებების სრულად შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მისი სწორად შენახვა. ჭარხალი კარგად ინახება 0-5 გრადუს ტემპერატურაზე. სასურველია ჭარხალი დავაწყოთ ფენებად და მათ შორის მოვათავსოთ ქაღალდის ფენები, რაც დაეხმარება ჭარხალს ტენიანობის შენარჩუნებაში. თუ რაიმე პაკეტით ინახავთ იგი არ უნდა იყოს ჰერმეტული. სასურველია ჭარხალს ქონდეს 2-3 სანტიმეტრიანი ყუნწი. სარდაფში შენახვისას კი აუცილებელია ვენტილაცია. შესაძლებელია უმი ჭარხალის საყინულეში შენახვაც. 

რა სახით სჯობს ჭარხლის მიღება - უმი თუ თერმულად დამუშავებული?

ჭარხალი სასარგებლოა როგორც უმი, ასევე თერმულად დამუშავებული. მოხარშული ჭარხალი სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. ქართული სუფრის მრავალფეროვან კერძებში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ჭარხლის როგორც ძირხვენა, ასევე ფოთოლი მხალეულისა, სალათების და წვნიანების მომზადებისას. რაც ქართულ კერძებს როგორც ვიზუალურად ალამაზებს ასევე მატებს სასარგებლო თვისებებს.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×