რეზონანსი
16.08.2020

ჭარბ წონის დაძლევისას  ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის მოკლე დიეტებს, რომელიც საკმაოდ მიმზიდველია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის სწრაფად რომ სურთ შედეგის მიღება. 

ჭარბი წონის დასაკლებად მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება. სწორი კვება, ანუ დიეტა აუცილებელი ნაწილია იმისათვის, რომ წონის კლების პროცესი შეუქცევადი გახდეს. 

განსაკუთრებულად პოპულარულია განტვირთვის დღეები. ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა სარგებლობა მოაქვს განტვირთვის დღეებს?

განტვირთვის დღეს ორგანიზმი ერთგვარად ისვენებს და თავისუფლებლდება წინა დღეებში მიღებული საკვები პროდუქტებისგან. მცირდება სანაღვლე სისტემის დატვირთვაც. ერთფეროვანი, მარტივად მოსანელებელი და დაბალკალორიული საკვების მიღება ერთი დღის განმავლობაში ძალიან კარგია სიმსუქნის დროს. 

დღეს მოსახლეობის ნაწილი იკვებება სწრაფი კვების პროდუქტებით, დიდი რაოდენობით მიირთმევენ ცხიმში შემწვარ პროდუქტებს, ასევე ხშირია ტკბილი გაზიან სასმელების ჭარბი მოხმარება. 

მავნე პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. 

ასეთი კვების ფონზე ხდება ორგანიზმის გადატვირთვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, წონის მატება და სხვა ცვლილებები. სწორედ ასეთ დროს არის მიზანშეწონილი განტვირთვის დღის გაკეთება, რა თქმა უნდა, არა თვითნებურად მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განტვირთვის დღე გულისხმობს ერთი დღის განმავლობაში საკვები კალორაჟის მკვეთ, მკაცრ შეზღუდვას. განტვირთვის დღის შემადგენელი პროდუქტი შეიძლება იყოს მაგალითად: ხილი ერთი სახეობის, ან ბოსტნეული (კიტრი, სტაფილო), ან რძის პროდუქტები (ხაჭო, მაწონი, კეფირი) ან ხორცი (საქონლის, ქათმის). განტვირთვის დღის განმავლობაში ადამიანი მიირთმევს მხოლოდ ერთი სახის პროდუქტს და ასევე იღებს სითხეს (წყალი, ჩაი, ყავა). 

რა უარყოფითი გვერდითი მოვლენები ახლავს განტვირთვის დღეებს?

არასწორად დაგეგმილ განტვირთვის დღეებს ბუნებრივია ახლავს უარყოფითი მოვლენები. განტვირთვის დღე საკმაოდ რთული დასაცავია ნებისმიერი ჭარბწონიანი ადამიანისთვის, მითუმეტეს თუ მივმართავთ მკაცრ ფორმებს.  

მკაცრი განტვირთვის დღის შემდეგ ხშირად ორგანიზმი განსაკუთრებით გაძლიერებულად ითხოვს საკვებს. ერთი სახის პროდუქტისგან შემდგარი განტვირთვის დღე ემოციურ ფონსაც მკვეთრად აუარესებს, მცირე კალორაჟიდან გამომდინარე. გამომდინარე აქედან, ჩემი რეკომენდაციით ჭარბწონიანი ადამიანებისათვის მიზანშეწონილია დავგეგმოთ ორი პროდუქტისგან შემდგარი განტვირთვის დღე. 

როგორი უნდა იყოს ოპტიმალური განტვირთვის დღე?

განტვირთვის დღეს უმჯობესია დავაჯგუფოთ ცილოვანი პროდუქტები (ხორცი, რძის პროდუქტი) და ხილი, ან ბოსტნეული. თუმცა, აუცილებლად თითო სახეობის. მაგალითად: ხორცი და კიტრი, ან კეფირი და კიტრი, ან მაწონი და ვაშლი, ან კეფირი და სტაფილო და ა.შ. 

ორი სახის პროდუქტისგან შემდგარი განტვირთვის დღე გაცილებით ადვილი გასაკეთებელია და კარგი ეფექტითაც ხასიათდება. 

განტვირთვის დღის აუცილებელი კომპონენტია გაზგასული მინერალური წყალი, რეკომენდირებულია 500-1000 მლ მიღება დღის განმავლობაში.  ასევე ნებადართულია 1-2 ფინჯანი უშაქრო ჩაის და ყავის მიღება სურვილისამებრ. განტვირთვის დღეს არ არის რეკომენდირებული ინტენსიური ფიზიკური აქტივობა.

განტვირთვის დღეს შერჩეული რაციონი უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში 4-5 მიღებაზე, რომელთა შორის შუალედებშიც მნიშვნელოვანია სითხის მიღება. 

განტვირთვის დღეს რომ არ იყოს მინერალების მკვეთრი დეფიციტი და შენარჩუნდეს ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა აუცილებელია გაზგასული მინერალური წყლის მიღება, რაც ორგანიზმს მიკროელემენტების მარაგს გაუუმჯობესებს. როგორც მინერალური წყალი ასევე ჩაი, ყავა და წყალი მიღებული უნდა იყოს ყოველის კვების წინ 30-40 წუთით ადრე ან კვების შემდეგ დაახლოებით 1 საათში. ეს რეკომენდაცია გასათვალისწინებელია ყოველდღიურად და არ ეხება მხოლოდ განტვირთვის დღეს. 

რამდენად აუცილებელია განტვირთვის დღისათვის საგანგებო მომზადება? 

სანამ განტვირთვის დღის გაკეთებას გადაწყვეტთ, ყოველთვის უმჯობესია ეტაპობრივად შეამციროთ რაციონი, შეზღუდოთ შაქრის შემცველი პროდუქტები და ცომეული. მხოლოდ რაციონის ეტაპობრივი შემცირების შემდეგ რამდენიმე დღეში არის რეკომენდირებული განტვირთვის დღის გაკეთება. 

არ შეიძლება შევიქმნათ იმის ილუზია, რომ დატვირთული რაციონის შემდეგ განტვირთვის დღეებით ბალანსს შევინარჩუნებთ. ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, უარესდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება წონის მატების მიდრეკილება, ასეთი რეჟიმი  უარყოფითად აისახება სანაღვლე სისტემის მუშაობაზე, საკვების პერიოდული მკაცრი შეზღუდვა, როცა რაციონი არ იყო ეტაპობრივად შემცირებული, დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, რაც აუარესებს ემოციურ ფონს. 

როდისაა ეფექტური განტვირთვის დღეები?

განტვირთვის დღეები ეფექტურია სწორი კვების პერიოდში. დიეტის ფონზე უფრო მარტივიც არის განტვირთვის დღის გაკეთება. გარდა ამისა, ხშირად არის შემთხვევები, როცა პაციენტი ეფექტურად იკლებს წონას დიეტით, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ წონის კლება ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ არ არღვევს დიეტას. ასეთ მდგომარეობას ვუწოდებთ პლატოს, მოსახლეობა მას წონის გაყინვადაც მოიხსენიებს. პლატოს მიზეზი გახლავთ ის, რომ ორგანიზმი ეგუება შერჩეულ დიეტას, წონის კლებასთან ერთად მისთვის შერჩეული რაციონი უკვე აღარ არის საკმარისი წონის კლებისთვის, რადგან ხდება ორგანიზმის ადაპტაცია, მორგება არსებულ კალორაჟზე. ასეთ შემთხვევაში წონის დასაკლებად ხშირად მივმართავთ განტვირთვის დღეების ჩართვას, რაც ხელს უწყობს წონის ეფექტურ კლებას. 

ერთჯერადად განტვირთვის დღის გაკეთება სასურველია სადღესასწაულო დღეების შემდეგაც. ზოგადად სადღესასწაულო დღეებში იმდენად მრავალფეროვანია ქართული სუფრა, რომ განტვირთვის დღე საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის აუცილებელიც არის, რათა სხვადასხვა სახის ჭარბი რაოდენობით მიღებული საკვები პროდუქტებისგან ორგანიზმი განთავისუფლდეს. 

არსებობს თუ არა განტვირთვის დღის უნივერსალური მოდელი? 

უნივერსალური განტვირთვის დღე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ეფექტური, არ არსებობს. თუმცა, თუ როგორი სახის განტვირთვის დღეა რეკომენდირებული თითოეული ადამიანისთვის, ამას განსაზღვრავს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. 

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პაციენტის აზრი. ხშირად აღნიშნავენ, რომ არ უყვართ კეფირი, ან ვაშლი ან სხვა პროდუქტი. რა თქმა უნდა, განტვირთვის დღე არ უნდა შედგებოდეს პაციენტისთვის არასასურველი პროდუქტებისგან. 

საჭიროების გარეშე ან თვითნებურად განტვირთვის დღის გაკეთება არ არის რეკომენდირებული. არასწორი და ხშირი განტვირთვის დღეები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×