რეზონანსი
15.07.2020

15 წლის მოზარდი, რომელიც მდინარე ჯუმში ნახირის გადმოსარეკად შევიდა, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

„ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების. თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით. წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა. 

შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო. ალალმართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის. ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, - წერს მარინე ცარციძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×