რეზონანსი
08.07.2020

მეტეოროლოგების ინფორმაციით, საქართველოში მაღალი სიცხეებია მოსალონდელი, რაც მოგეხსენებათ, კალიების გააქტიურებას უწყობს ხელს.

PIA.GE სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ნიკა მესხს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, უნდა ველოდოთ თუ არა წელს კალიების შემოსევას და შემოსევის შემთხვევაში, რა ღონისძიებებს მიმართავს უწყება.

როგორც ნიკა მესხი ჩვენთან საუბრისას ამბობს, უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს კალიების მასობრივი შემოსევა, აქ ძირითადად საუბარია ადგილობრივ კალიებზე, რომლებიც ოდითგანვე არიან გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე.

„წელს კალიების რიცხოვნობა მაღალია, თუმცა, კალიების მასობრივი შემოსევა და კატაკლიზმების საფრთხე ქვეყანაში არ დგას, რადგან მათ წინააღმდეგ შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ, რის შედეგადაც კალიების დიდი რაოდენობა ნადგურდება. შესაბამისი ღონისძიება რომ არ გატარებულიყო, ვიქნებოდით მაღალი რისკის ქვეშ,"- განმარტა ნიკა მესხმა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ჩვენთან საუბრისას ამბობს, კალიები მაშინ არის საშიში, როდესაც ისინი ჯგუფურად არიან შეკრებილები და ანადგურებენ მწვანე საფარს.

„კალიები ძირითადად, ვრცელდებიან საძოვარ ადგილებზე, სადაც სიმშრალეა და ამ დროს მათი რაოდენობა იმატებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ხდება მსოფლიოში და როგორი თბილი ზამთარიც გქვონდა წელს საქართველოში, იყო ის მოლოდინი, რომ კალიების რიცხოვნება ქვეყანაში უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საფრთხე არ დგას"- ამბობს ნიკა მესხი.

ნიკა მესხის თქმით, კალიები საქართველოში ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული და შესაბამისი ღონისძიებებიც ამ ეტაპზე სწორედ ამ ლოკაციებზე ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×