რეზონანსი
31.05.2020

მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია"-ში განაცხადა.

მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის.

„სისტემური რეგისტრაციაა, როდესაც სახელმწიფო არ გელოდებათ, როდის მოხვალთ თქვენ, არამედ საჯარო რეესტრი თვითონ მოდის თქვენ სოფელში, თქვენ მუნიციპალიტეტში და რეალურად მოსახლეობასთან ერთად ხდება მიწის განაწილება, ვის, რა ეკუთვნი იმის აღწერა, აზომვა, დოკუმენტირება, დასაბუთება და შემდეგ რეგისტრაცია. სისტემური მიდგომა მიწის რეგისტრაციისას გაცილებით უფრო ძვირადღირებული სიამოვნებაა, გასაგებია რატომაც და ამიტომაც ჩვენ ის ეტაპობრივად დავიწყეთ, რადგან სახელმწიფოს ამდენი რესურსი არ ჰქონდა" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებაში პირველი მსოფლიო ბანკი დაეხმარა სახელმწიფოს.

„ჩვენ 12 გეოგრაფიულ არეალში ჩავატარეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა და ის რეალურად რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ვთქვით, რომ ის შესაძლებელია გაკეთდეს საქართველოს მასშტაბით. ეს ვთქვით 2018 წელს, მაგრამ ვერ დავიწყეთ იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი მიწა იყო ჯერ კიდევ დასარეგისტრირებელი. ამიტომაც მიდგომა იყო ასეთი, რომ პრიორიტეტი სპორადული რეგისტრაციისთვის მიგვეცა და შემდეგ ჩავერიოთ სისტემური გზით. ივლისში უკვე დავიწყებთ პირველ სოფლებში შესვლას, ეს იქნება ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ცნობილი გომის მთა, სადაც მიწის პრობლემაა და მოქალაქეებს შორის დავები არსებობს, ეს პროცესი ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო გაისად უკვე სამწლიანი პერიოდი დაიწყება, როდესაც სრულიად საქართველოს მოვიცავთ და 2024 წელს ჩვენი გეოგრაფიული და მიწის რუკა იქნება სრულად დაფარული კადასტრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×