რეზონანსი
31.05.2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან - ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, ბატონო პრემიერო, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს - სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია - წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ" ,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" - ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი - ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი - ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000- მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×