რეზონანსი
28.05.2020

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×