რეზონანსი
27.05.2020

"აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული, რომ ჩვენ მოქალაქეთა დახმარება ვადაში გავჭიმეთ ექვსი თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის მინიმუმი, რათა ელემენტარული მდგრადობა იყოს მათ ყოველდღიურ გასავლებში".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენაფრულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არ იყო რაღაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომ ამდენს მოგცემთ, 1000 ლარი ოჯახს, 5000 ლარი პეტრეს და მერე კიდევ პავლეს რაღაცები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა: საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია, გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ყველას ეს სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება, თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენი კონკრეტული, გრძელვადიანი ღონისძიებები დავაანონსეთ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული უკვე ვიცოდით გეგმით, სად მივდიოდით და შესაბამისად შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან. სწორედ ამის შემდგომ გამოცხადდა ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და ოფიციალური შემოსავალი 1200 ლარის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში მსგავსი მუხლით ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებზე, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებაზე. ასევე, თვითდასაქმებულთა და მოქალაქეთა სხვა ჯგუფების დახმარებაზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
😙😃😡მ   (27.05.2020)
მეცოდები გიორგი ამდენი ასპიტების ხელში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×