რეზონანსი
22.05.2020

21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს. მკვლელმა მას საკუთარ ეზოში, სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავთო კალანდაძის მკვლელობამ სოფელ გუთურის მოსახლეობა შეძრა. მათი თქმით, გარდაცვლილს მშობლები ემიგრაციაში ჰყავდა. ავთოზე კი მისი რამდენიმე წლით უფროსი და მზრუნველობდა. და-ძმა იმდენად უფრთხილდებოდა ერთმანეთს, იმდენად მოსიყვარულეები იყვნენ, რომ მთელ სოფელს შეაყვარეს თავი.

"ავთო საუკეთესო ახალგაზრდა იყო, გონიერი, ჭკვიანი, მოსიყვარულე. ასეთივეა მისი და - მარიამიც. გოგონა ავთოზე სულ ორიოდე წლით არის უფროსი, მაგრამ ძმაზე დედასავით მზრუნველობდა. ბავშვებს ძირითადად მამა ზრდიდა, რადგანაც დედა ჯერ თბილისში მუშაობდა, მერე კი უცხოეთშიც წავიდა და იქ საქმიანობდა. მოგვიანებით უკვე უცხოეთში სამუშაოდ ავთოს მამაც წავიდა. ავთოს და კი გათხოვდა, მაგრამ ძმაზე ისევ ძველებურად ზრუნავდა. ბიჭი, როგორც ვიცი, თბილისში ცალკე ცხოვრობდა, ნაქირავებ ბინაში, მაგრამ უნივერსიტეტიც დაამთავრა და მუშაობაც დაიწყო. ასე რომ, ფეხზე მყარად იდგა. სამსახურიც არ ჰქონდა ცუდი, ბანკში მუშაობდა.

როგორც ამბობენ, მკვლელი ავთოსაც კარგად იცნობდა და თანხის საკითხზე ბიჭსაც აწუხებდა. არ მესმის, რა ვალისთვის უნდა ჩაუსაფრდე ადამიანს ეზოში და სრულიად უდანაშაულო მოკლა. ავთოს მის ფულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მომხდარით შოკში ვართ მთელი სოფელი. ალბათ ავთოს საბრალო მშობლებიც ვერ იჯერებდნენ, რომ მუქარას აასრულებდა, თორემ რაიმეს ხომ იღონებდნენ - პოლიციას მაინც შეატყობინებდნენ მუქარის შესახებ. ამ ნაძირალამ ბიჭი შუადღისას მოკლა, დღისით და მზისით. ორჯერ ესროლა, - ავთოს გულში აქვს ტყვია მოხვედრილი. მერე მანქანაში მშვიდად ჩაჯდა და წავიდა. ეზოში წაქცეული ავთო პირველად ბიძაშვილმა ნახა და შოკში ჩავარდა. მკვლელმა კი ამასობაში, მოკლულის ერთ-ერთ, ასევე უცხოეთში მყოფ დეიდას, ის ფოტო გაუგზავნა, მის სასიკვდილოდ დაჭრილ, სულთმობრძავ ბიჭს რომ გადაუღო, - აი, მუქარა შეგისრულეთ, მოვკალი თქვენი ავთოო. მერე კი, როგორც გავიგეთ, პოლიციას თავად ჩაბარდა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ოჯახის ახლობელი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×