რეზონანსი
10.04.2020

ცნობილი გახდა, რომ 5 წლის წინ, ტყიბულში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნუკრი კ-მ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართა. მსჯავრდებული  შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა და სავარაუდოდ, პრეზიდენტი მას არც მომავალში შეიწყალებს, თუმცა იმ ფაქტმა, რომ მან შეწყალებაზე განცხადება დაწერა, მოკლულის ახლობლები აღაშფოთა.

„დარწმუნებული ვარ, მაგას არავინ შეიწყალებს, მაგრამ ეს რომ მოითხოვა, ფაქტია, რომ მას არანაირი ნამუსი არ გააჩნია. ნეტავ მართლა შეიწყალონ, გამოუშვან და სადმე შემახვედრა, მე ვიცი რასაც ვიზამ. ჩემი ხელით მოვაჭრი თავს“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ მოკლული ქალის, მაია კირკიტაძის ძმამ, ბუხუტი კირკიტაძემ.

მსჯავრდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის 18 წლის იყო, მკვლელობის შემდეგ კი მისი ოჯახი ტყიბულიდან გაასახლეს და მას შემდეგ იქ აღარ გამოჩენილან.

მაი კირკიტაძე ტყიბულში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მეზობლების გადმოცემით, იმ დღეს ოჯახის უფროსი თბილისში სამუშაოდ იყო წასული, მაია კი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა.

საზარელმა მკვლელობამ მაშინ მთელი რაიონი შეძრა. მოვლენები ასე განვითარდა: პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში შედის შეტყობინება ახალგაზრდა ქალის, 41 წლის მაია კირკიტაძის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. ბოლოს ის მეზობელმა ტყისკენ მიმავალ გზაზე შენიშნა.

დაკარგული ქალბატონის მოძებნაში პოლიციას მეზობლებიც ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სამართალდამცავებს საკუთარ ვერსიებს სთავაზობდა იმის შესახებ, სად შეიძლებოდა ეპოვათ მაია. მის მიერ დასახელებული ყველა ადგილი მცდარი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მორიგი „ცრუ ადგილის“ დათვალიერებისას გამომძიებელმა მის კისერზე არსებული ნაკაწრი და სისხლჩაქცევა შეამჩნია, რის შემდეგაც განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკითხვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა,  ზუსტად სად და რა ვითარებაში მოკლა მაია კირკიტაძე.

ტყიბულის ტყეში, შემთხვევის ადგილზე პოლიციას იმაზე შემზარავი სურათი დახვდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა.

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რითაც ირკვევა, რომ ბრალდებული 18 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც 41 წლის ქალი, სამი შვილის დედა სიცოცხლეს სასტიკი მეთოდებით გამოასალმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებული რაიონულ ცენტრში მუშად მუშაობდა და როგორც მეზობლები ჰყვებიან, იმ დღესაც სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო. მათი ვერსიით, ტყეში წაბლის საკრეფად გასულ მაიას ის ჩუმად აედევნა და შუაგულ ტყეში, იქ, სადაც ქალი საშველად ვერავის მოუხმობდა, თავს დაესხა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×