რეზონანსი
10.04.2020

პანდემიას ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადყოფოში 20–მდე ექიმის ებრძვის. წინა ხაზზე მდგომ ექიმებს შორისაა ნესტანი ჭეიშვილი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში კვირაში 7 დღე მუშაობს. ექიმი დაღლას ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ახლა ამის დრო არ არის.

მას ინფექციურ საავადყოფოში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს პერიოდი ყველაზე დატვირთული და ემოციურია. ექიმი „პრაიმტაიმთან“ საუბარში პირველ პაციენტს იხსენებს, რომელსაც დადასტურებული COVID-19 აღმოაჩნდა.

„ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. მაგრამ ამ შეთხვევაში თვითონ პაციენტიც იყო დარწმუნებული, რომ 90%–ით მას ვირუსი ექნებოდა და ემოციურად მშვიდად შეხვდა. ცხადია, ამან ჩვენც გაგვიიოლა მასთან კომუნიკაცია”, – ამბობს ინფექციონისტი ნესტან ჭეიშვილი.

ორი თვის განმავლობაში ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სულ 200–მდე პაციენტი შემოწმდა, რომელთაგან „COVID-19“ მხოლოდ 10-ს დაუდასტურდა. ინფექციონისტი ექიმი ამბობს, რომ პანდემიამ სრულიად შეცვალა მიდგომა პაციენეტებსა და ექიმებს შორის. ის, რაც აქამდეც უჩვეულო და ყურადღების მიღმა იყო, ახლა მედიკამენტზეც მნიშვნელოვანი გახდა.

„ადრე თუ პაციენტები გვირეკავდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკითხათ, ახლა პირიქითაა, ჩვენს მდგომარეობას კითხულობენ, ეს ძალიან ემოციურია“, – ამბობს ექიმი.

ნესტან ექიმს შესაბამისი ეკიპირებით, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე უწევს ბოქსირებულ განყოფილებაში შესვლა. იგი ფრთხილობს, რომ ბოქსირებული განყოფილებიდან არ გამოიტანოს ვირუსი და სხვის ჯანმრთელობას არ შეუქმნას საფრთხე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×