რეზონანსი
07.04.2020

ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მფარველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებს გუშინ ბერი ნაზარი სტუმრობდა.

პატარებთან ვიზიტამდე, 29 წლის ბერი, სპეციალურად მოემზადა - ორკვირიანი თვითიზოლაციით გამოიკეტა სამების კელიაში.

გამძვინვარებული ეპიდემიის დროს ასე უფრო მშვიდად მივიდა დაბალი იმუნიტეტის მქონე პატარა ქრისტიანებთან, გვიყვება ბერია ანდრიას ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი.

მისივე თქმით, ბერი ნაზარი ფონდის აქტიური გულშემატკივარია. მან სიმსივნით დაავადებული ბავშვები აზიარა და ზეთი სცხო.

დედა თინათინ ჩხვიმიანი: - მამა ნაზარი სამების საკათედრო ტაძრის ბერ-მონაზონია და თავის კელიაში ორკვირიან თვითიზოლაციაში მოექცა, რომ მერე ბავშვებთან მოსულიყო.

ეს მას მანამდე ვთხოვე და ასეც მოიქცა. ჩვენი ბავშვები რისკჯგუფში არიან, დაბალი იმუნიტეტი აქვთ.

უკვე თვეა გასული, რაც ბავშვები არ მიზიარებია. ყოველ კვირა დამყავს საზიარებლად, მარტყოფში, მამა ანდრიას საფლავზეც, თან ეზიარებიან მამა ბენიამინთან, მამა შალვასთან... მაგრამ შექმნილ სიტუაციაში პატარები არ ზიარებულან.

მამა ნაზარმა აზიარა და შვიდგზის ზეთი სცხო მათ. ძალიან გავიხარეთ მეც და მშობლებმაც, დავმშვიდდი... შვიდგზის ზეთისცხება უძლურებისთვის არის. აქვე ჩაატარა ბერმა საჭირო ლოცვა ზეთის საკურთხებლად...

ვცდილობ, ბავშვებს დადებითი ემოციები ჰქონდეთ. ეს მათ მკურნალობის დროს ეხმარება. ვერ ხვდებიან, რატომ არიან სულ სახლში. ვუხსნით, რომ მათთვის გარეთ გასვლა საშიშია, არ უნდა გაცივდნენ. გაუხარდათ, რომ მამაო შინ გვესტუმრა. მან უთხრა, არ შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნებაო.

მამა ნაზარი ბერი ანდრიას გარდაცვალებიდან მალევე გავიცანი და ის ფონდს გვერდით უდგას.

ის მარტყოფის მამათა მონასტერში მოღვაწეობდა (სადაც ბერი ანდრიას საფლავია), ახლა კი სამების საკათედრო ტაძრის ბერია. კარგად იცნობს ჩვენს ბავშვებს.

აღდგომის შემდეგ ეს მკაცრი რეგულაციები და შეზღუდვები გადაივლის. ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ, ღმერთით. ხარებას გილოცავთ.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×