რეზონანსი
03.04.2020

თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა კორონავირუსთან საბრძოლველად მარტივი, იაფი და სწრაფი გზა იპოვა. მძღოლებმა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები მგზავრებისგან იზოლირებული გახადეს და უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრეს. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, ბესიკ პაპაშვილის თქმით, ითვალისწინებს მთავრობის და ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს, რის გამოც მან ყველაზე ხელსაყრელი და სწრაფი საშუალება მოიფიქრა.

„მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, შესაბამისად, კორონავირუსისის გავრცელების პრევენციის მიზნით ვითვალისწინებ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს. ამიტომ მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ტაქსის მძღოლმა ეს იაფი და სწრაფი საშუალება მოვიფიქრეთ. მეორე სავარძელი გადავტიხრეთ ცელოფნის პარკებით. ასევე, ავტომობილში გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები. თითოეული მგზავრის გადაყვანის შემდეგ მანქანას სადეზინფექციო საშუალებებით ვწმენდთ,"- ამბობს ტაქსის მძღოლი.

ბესიკ პაპაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ტაქსის მძღოლი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის დარიგებაში მოხალისეებს უფასოდ ემსახურება.

უკვე მესამე დღეა თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხ ადგილზე საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავტომობილების გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ. სამხედრო ექიმები ყველა ავტომობილის მგზავრს თერმოსკრინინგით ამოწმებენ.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონში ეპიდმდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ სტაბილურია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×