რეზონანსი
02.04.2020

საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, 30-ნი ვართ და ბევრნი ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ განუცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში ისე ჩატარდება, როგორც წესია და როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში იყო ნათქვამი.

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის, როგორი ლოცვა-კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქის. მგონი, იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ჩვენ საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას. რომელ განცხადებაში წერია, სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?", - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

როგორც მღვდელთმთავარმა აღნიშნა, სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია განცხადებას გაავრცელებს. მიტროპოლიტი ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ეკლესია იმსჯელებს.

„თუ ეს საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას ეხება, აგერ ვართ სამნიც და მეტიც. ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

დღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები შეიკრიბნენ და ლოცვის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს. მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ ეპარქია სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×