რეზონანსი
31.03.2020

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

კერძოდ, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა.

ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ასევე, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

ამასთან, მთავრობამ განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა შეზღუდვაც აღნიშნულ კარანტინის პერიოდში არ იგეგმება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

კომერციული ბანკების საქმიანობისა;

იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით; საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა; საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა; საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი"); კერძო დაცვითი საქმიანობისა; საადვოკატო საქმიანობისა; ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა; პრესის ჯიხურების.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×