რეზონანსი
30.03.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად თავი აარიდონ სახლიდან გასვლას.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„არ ვაშინებ საზოგადოებას და არ მინდა, პანიკას მივეცეთ, მაგრამ აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება და ყველა რეკომენდაციის დაცვა. ვამბობთ, რომ მთავარი რეკომენდაცია არის სოციალური დისტანცია, დავრჩეთ ყველა სახლში და ნუ ვივლით, ნუ შევიკრიბებით, განსაკუთრებით მოხუცებულები, განსაკუთრებით ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული, სხვა დაავადებები, განსაკუთრებით ვინც იმყოფებიან ქრონიკულ მკურნალობაზე. ეს ადამიანები არიან მომატებული რისკის ადამიანები. თავი ავარიდოთ ნებისმიერ თავყრილობას ანუ სადაც სამი-ხუთი ადამიანი იკრიბება. არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები დიდი სამხიარულო ან ღმერთმა გვაშოროს და სხვა ტიპის სუფრები, რადგან ამ დროს გავრცელების რისკი იზრდება და ამას მაგალითები უკვე გვაქვს. მოიმარაგეთ კვირის საკვები, რომ მაქსიმალური დრო ვატაროთ სახლში. თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ახლა კარგი ამინდები დგება, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ სამი ადამიანი, მეტი არა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია იმ ადამიანებთან სტუმრობისგან თავის არიდება, რომელთა შესახებაც არ ვიცით მოგზაურობის ისტორია. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც გამოდიან კარანტინიდან ან თვითიზოლაციიდან, არ არიან საშიში, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის ისტორია სულ სამ თვეს ითვლის და ამ ვირუსის ქცევა ბოლომდე არ არის ცნობილი.

„დადგენილია, რომ 14 დღეა ინკუბაციის პერიოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს ორი თვე – აპრილი და მაისი გავიჭირვოთ იმ თვალსაზრისით, რომ ვიყოთ თვითიზოლირებული. განსაკუთრებით ვთხოვ ადამიანებს, ვინც დღეს უცხოეთიდან ჩანობრძანდებიან. კიდევ გამრავლდება ეს ხალხი, რადგან საქართველოს სახელმწიფო უარს არ იტყვის და ვერ იტყვის თავისი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე. ისინი ბრუნდებიან ორგანიზებულად საქართველოს ავიახაზებით. რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციის შემოტანის რისკი. იცით, რა ხდება იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ამიტომ ის ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ კარანტინში, ვინც ჩამოვლენ ან ვინც თვითიზოლაციაში არიან, უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ "ახალ კვირასთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×