რეზონანსი
29.03.2020

 შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები მრევლს კურთხევას აძლევს, ტაძარში პირბადეებით იარონ. მისივე თქმით, ბოლო ჟამი მოახლოებულია, ადამიანებმა ახლა უფრო მეტად უნდა იარონ ტაძრებში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განსაცდელის დროს წირვა-ლოცვაზე უარის თქმა, მანვე საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც მიწის ნაკვეთები აქვთ, საკვები დათესონ.

"სინოდის კრებაზე ყველა ერთსულოვანი იყო და არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვების შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს. ხალხის 2 პროცენტი ეზიარება ალბათ საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება.

ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით ვირუსი არ გადავა, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ.

ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ახლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.

იცოდეთ, რომ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის სოფელი. დაბრუნდით სოფელში. ხვალ-ზეგ ციფრული ფულის ერთეული იქნება და ხელში და შუბლში ჩაგვიდებენ. ეს იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ამიტომ იყავით სოფელში და დაამუშავეთ მიწა"- განაცხადა მეუფე იოსებმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×