რეზონანსი
29.03.2020

ე.წ. მოლეკულური ტესტი, „პისიარი", რომელსაც დღეს საქართველოში იყენებენ, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ტესტი ადგენს ვირუსის არსებობას ინფექციის დაწყებიდან პირველსავე დღეს, უსიმპტომო სტადიაშიც.

„ეს არის ოქროს სტანდარტი, რომელსაც სჭირდება ნიმუშის აღებიდან დაახლოებით სამი-ოთხი საათი. ახლა ჩინელებმა გვაჩუქეს კიდევ ახალი აპარატურა და ახალი ტესტები, სადაც საათი ნახევრამდე ჩამოდის დრო, მაგრამ ამ აპარატურის გამტარუნარიანობა დაბალია. ანუ რაც არის ქვეყანაში, რაც ლუგარშია და კიდევ სხვა ლაბორატორიებში, იქ სჭირდება სამიდან ოთხ საათამდე ნიმუშის აღებიდან. ჩვენ შეგვიძლია დღეს ლუგარში 400-500 ტესტი გავაკეთოთ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნიმუშების აღება, როდესაც ადამიანთან მიდის ეპიდემიოლოგი, გამოკითხავს, მერე შესაბამისი ჩაცმულობით მას ნიმუში უნდა აუღოს. ამიტომ, დიდი ტრენინგები მიდის, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, არის ორი ტიპის სწრაფი ტესტები, რომელთა სპეციფიურობა და მგრძნობელობა, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ოქროს სტანდარტთან. ეს გახლავთ ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები „ჯი" და „ემ" ანტისხეულებზე. „ემი" ჩნდება, როდესაც მწვავე ინფექციაა და მე-5-7 დღეს ჩნდება ის ინფექციის დაწყებიდან, ანუ პირველ და მეორე დღეს ის ვერ დაიჭერს. მაგრამ ის საჭიროა გარკვეული ჩვენებით და იმ ალგორითმში, რომელიც ახლა მტკიცდება, არის ჩვენი წინადადებები ამასთან დაკავშირებით. მეორეა ე.წ. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც ასევე 15 წუთში იძლევა პასუხს, ისევე როგორც ანტისხეულზე დამყარებული. მაგრამ მისი სპეციფიურობა და მგრძნობელობა 80-85 პროცენტია", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×