რეზონანსი
27.03.2020

ჩინურ კომპანიას, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, საქართველოსთვის 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ხელშეკრულების თანახმად, რომელიც უკვე ანულირებულია, ჩინური კომპანია „ბიო იზის" მიერ საქართველოში 200 000 ტესტის შემოტანა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო.

შეგახსენებთ, საქართველომ ჩინურ კომპანიას, რომელსაც ქვეყანაში სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას,"-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა და ხელშეკრულების ანულირება ამის გამო მოხდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×