რეზონანსი
28.02.2020

თბილისში დედის და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 18 წლის ბიჭის მიხეილ (ნიკა) ზაუტაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი ქვეშ დაცვის მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლა გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ 18 წლის ბიჭი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ზაუტაშვილს მთელი ბავშვობა პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე სკოლაში, რის გამოც, არაერთი სკოლა გამოიცვალა.

„არ მკურნალობდა. როგორც მითხრა, დედას ვთხოვე ექიმთან წავეყვანე, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი, მპირდებოდა, მაგრამ არ აკეთებდაო. სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავს, განსაკუთრებით ერთ-ერთს მიეჯაჭვა. ამბობს, ჩემი მეგობარი რომ არ ყოფილიყო, დავიღუპებოდიო, ემადლიერება თანატოლ ბიჭს. ამ ტრაგედიამდე სცადა თვითმკვლელობა, ამბობს, რომ სწორედ მეგობარმა გადაარჩინა. ესეც მეტყველებს მის ფსიქიკურ პრობლემებზე. იმ დღეს მთელი დღე სახლში ვიყავით ოჯახის სამივე წევრიო. კონფლიქტური სიტუაცია არ უძღვოდა წინ მომხდარს.

უამრავი უარყოფითი კომენტარი მოვისმინე, ზოგი ამბობდა დასახვრეტია, უნდა აჩეხოო... ისეთი აგრესია წამოვიდა საზოგადოებისგან, რაც არასწორია. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე? ყველას მინდა მივმართო, ნუ განსჯით ასე მწარედ, როცა არ იცით, როგორია ამ ბიჭის ფსიქიკური მდგომარეობა. ნანობს მომხდარს, მაგრამ ამბობს იმასაც, ბოლო დღეებში ადამიანები ისე შემძულდა, არავის დანახვა არ მინდოდაო.

ძალიან ჩაიკეტა თავის თავში და ეს საშინელებაც მოხდა. ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას. რა მითხრა იცით, იყო მომენტები როდესაც ვიჯექი გათიშული, რაღაცას მეკითხებოდნენ, მაგრამ სადღაც სხვაგან ვიყავი, არაფერი მესმოდა, თუ მოაღწევდა მათი ლაპარაკი ჩემამდე, პასუხის გაცემის თავი აღარ მქონდაო", - ამბობს ადვოკატი. 

კვირის პალიტრა

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×