რეზონანსი
23.02.2020

სულისშემძვრელი დანაშაული მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, სადაც 17 წლის ბიჭმა მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. როგორც ახლობლები ამბობენ, 51 წლის მამაკაცს საწოლში ეძინა, როცა მას ესროლეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიჭმა მამის ცხედარი სახლიდან გამოათრია და ეზოში მდგარი დამხმარე შენობის სარდაფში გადამალა. თვითონ კი ორი დღის განმავლობაში იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დაატრიალა. იგი ნათესავებს და მეზობლებს მამის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა. მათ არწმუნებდა, რომ ნასვამი მამა სანადიროდ ტყეში წავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.

როგორც ჩანს, მოკლულის ძმას სახლის დათვალიერებისას არ გამოპარვია ბევრი დეტალი. მან სახლში დაიწყო ძმის ძებნა იმ დროს, როცა მისი ძმისშვილი, მეზობლებთან ერთად, მამის "მოსაძებნად" იყო წასული. მან თოვლში სისხლის წვეთები შენიშნა, ეჭვი უფრო გაუღრმავდა. ბევრი ძებნის შემდეგ უმძიმესი სურათის თვითმხილველი აღმოჩნდა - სარდაფში მოკლული ძმის ცხედარი იპოვა, ცხედარს ზევიდან  ლეიბი და თუნუქის ნაჭრები ჰქონდა დაფარებული. გელა კიპარიოძის ძმამ სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა. ძალოვნებმა იქვე დააკავეს მოკლულის არასრულწლოვანი შვილი. 

არასრულწლოვანი ბიჭს 9 კლასის დაამთავრების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. ის, რომ რთული ხასიათის მოზარდი იყო, "კვირის პალიტრასთან" ადასტურებს სოფელ ჭალის სკოლის დირექტორი გელა ჩხიტუნიძე:

"ბავშვობიდან ჯიუტი ხასიათი ჰქონდა. ცელქი ყველა ბავშვია, მაგრამ ეს თავისებური იყო. გაკვეთილზეც ცუდად იქცეოდა, ხან აცდენდა და ამის გამო მამა ბევრჯერ დაგვიბარებია სკოლაში. მამამისი მუშაობდა, წვალობდა, რომ შვილებს ნორმალური პირობები შექმნოდათ, სკოლაში რომ დავიბარებდით და საყვედურს ვეტყოდით, ძალიან ნერვიულობდა, ბუნებრივია, შვილსაც საყვედურობდა, რადგან არ უნდოდა გზა ასცდენოდა. სავარაუდოდ, ამიტომ არ იყო მამა-შვილს შორის კარგი ურთიერთობა.

გელას უფროსი ბიჭი ციხეში რომ მოხვდა, ამის მერე უფრო განიცდიდა, მეორე ვაჟს მეტად აკონტროლებდა. თავისებური ბავშვი კი იყო, მაგრამ ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა. გელა მშრომელი კაცი იყო. მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს შვილებისთვის. ბიჭი 9 კლასის შემდეგ სკოლიდან გავიდა, ცხონებულმა მამამისმა გვერდში დაიყენა, ერთად მუშაობდნენ, ამბობდა, მინდა, სულ გვერდში მყავდეს, მეშინია რამე შარს არ გადაეყაროსო.

უფროსი ძმა დიდი ხანია დაჭერილია, ჩვენს სოფელში არ უქურდია, სადღაც სხვაგან ჩაიდინა დანაშაული, როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის საკუთარ არასწორ ნაბიჯს. რასაც ვხედავდით, მამა შეიძლება ცოტა მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ადამიანი იყო, გაოგნებული ვარ, ბიჭმა ამის ჩადენა როგორ შეძლო".

პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×