რეზონანსი
17.02.2020

 (რეზონანსი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან.

ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს არ არის დღევანდელი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით. ეს პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ, არამარტო ქართველების, არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლე ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა.

საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არ არის დაცული და ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის. ამ პრინციპით, იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა, ხდება მათი ამოღება. ფაქტიურად, ამ ადამიანების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა, მათი გაწირვა ხდება. წარმოიდგინეთ, რა პირობებში ხდება ეს - გადაადგილება არის შეზღუდული. საჭიროება იმისა, რომ შედიოდეს მედიკამენტები, პროდუქტები, არის ძალიან მაღალი.

რეგიონი არის იზოლაციაში, მედიკამენტების დეფიციტში და კიდევ რომ რეპრესიული მოქმედებები ტარდება ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან. იმ ფონზე, როდესაც რეალურად ეს კონტაქტები იზრდება და გაიზრდებოდა კიდევ უფრო მეტად, რომ არ იყოს ხელოვნურად ჩახერგილი გადაადგილების შესაძლებლობა", - განუცხადა ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×