რეზონანსი
29.01.2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი მოინახულა. მინისტრმა ცენტრში მოქალაქეთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების სივრცე, შიდა ოპერაციების ახლად შექმნილი განყოფილება და საპატრულო პოლიციის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა 2018 წლიდან, სისტემური განახლების ფარგლებში დაიწყო. გახსნის დღიდან ცენტრი 500 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრმა კი 250000-მდე ზარს უპასუხა.​

ვახტანგ გომელაური ცენტრში მოსულ მოქალაქეებს პირადად გაესაუბრა. მინისტრი 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ცენტრის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მისცა.

გასულ წელს ერთიანი მომსახურების ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს საპოლიციო სერვისები ასევე „ერთი სარკმლის" პრინციპით მიეწოდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების სტანდარტის დანერგვა, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, დროის ნაკლები დანახარჯით, კომფორტულ გარემოში მიიღოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა საპოლიციო მომსახურება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×