რეზონანსი
29.01.2020

ფოთში მოვაჭრეებმა თევზის რეალიზება იმ ობიექტში განაახლეს, რომლის დემონტაჟსაც ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს. თევზის რეალიზატორები აღნიშნულ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მათთვის მისაღებ ფართს არ შესთავაზებს.

„ჩვენ განვაახლეთ მუშაობა, დავუბრუნდით ჩვენს ადგილს და აქედან არ წავალთ, ვიდრე შესაბამის და მისაღებ ალტერნატიულ ფართს არ გამოგვიყოფენ. თევზს ვერ დავალპობთ, თუმცა ამ შენობაში ელექტროენერგია წუხელ გათიშეს და არც წყალი არ გვაქვს. იმედია, ხვალ დილას რომ მოვალთ, შენობა დანგრეული არ დაგვხვდება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს. ჩვენს უკან ოჯახები დგას, ამას არავინ ითვალისწინებს. ერთ კვირას ვაძლევთ მერიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქში შემოსასვლელ გზას გადავკეტავთ", - განაცხადა თევზის რეალიზატორმა, ნარგიზა გვასალიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში დღეს მოვაჭრეებმა თევზის ბაზრობის გაუქმება გააპროტესტეს და მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ფოთში თევზის რეალიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

ამ დროისათვის მეგრელიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×