რეზონანსი
28.01.2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ადვოკატი, ჯაბა კვარაცხელია „პრაიმტაიმთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებით, ჯაბაური გამსახურდიას წარმომადგენელია მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, ადვოკატის ამბობს, რომ ანა ჯაბაურს არ ეძლევა საშუალება, მეუღლე ინახულოს და მისი ჯანმრთელობის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია.

ადვოკატი ამბობს, რომ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძის თხოვნის საფუძველზე სტამბულის კლინიკაში გააგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ანა ჯაბაურს ეკრძალება, თავისი მეუღლის მონახულება.

„ქალბატონი ანა შეესწრო ფაქტს სხვა მოქალაქესთან ერთად მარტო არ ყოფილა, ქალბატონი მანანა როგორ საუბრობდა, რომ ის ესაუბრა სალომე ზურაბიშვილს და მისგან მიიღო დახმარების დაპირება, მეორე დღეს უკვე ჰოსპიტალმა ქალბატონს ანას განუცხადა, რომ მასზე არსებობს აკრძალვა, მიუხედავად არსებული განჩინებისა, მას ვერ დაუშვებენ ჰოსპიტალში. შემდეგ იძულებული გავხდით აგვეყვანა თურქი ადვოკატი. თურქმა ადვოკატმა ჰოსპიტალიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალში არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამოწმებული წერილი, რომლის მიხედვითაც ანა ჯაბაურს ეკრძალება ცოტნე გამსახურდიას მონახულება. მას შემდეგ რაც ცოტნე გამსახურდიამ დატოვა საქართველო, ქალბატონ ანას შეზღუდული აქვს ცოტნეს ნახვა. ერთადერთხელ მოინახულა მხოლოდ იანვრის პირველ რიცხვებში. როგორც კი გაიგო ქალბატონმა მანანა, რომ ინახულა ანამ ცოტნე, მას შემდეგ ჰოსპიტალთან, ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა. თითქმის ერთი თვეა, რაც ცოტნე იზოლირებულია თავისი კანონიერი მხარდამჭერისგან", - გვიყვება ჯაბა კვარაცხელია.

ანა ჯაბაურის ადვოკატის თქმით, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდებიან განმარტებას, გაიგზავნა თუ არა მსგავსი შინარსის წერილი სტამბულში.

„არა ჩვენ არ გვქონია საუბარი, დღეს გვქონდა ბოლო მცდელობა დოკუმენტურად მოგვეგვარებინა პრობლემა ჰოსპიტალთან, გავუგზავნეთ დამატებით წერილი და ამაზეც, რომ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა და ეგრევე მთელმა საზოგადოებამ გაიგო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ დამატებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გვაინტერესებს პასუხი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევას ადგილი, და თუ ჰქონდა, რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე იგნორიგებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება და მასზე უპირატესად დაყენებული იქნა პრეზიდენტის ინსტრუქცია, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს", - აცხადებს ანა ჯაბაურის ადვოკატი, კაბა კვარაცხელია.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×