რეზონანსი
25.01.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება. მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

„თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ის საფრთხეს არ შეიცავს და ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან სრული განკურნების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„ექვსდღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე პაციენტი სრულად განიკურნა, რაც აძლევს სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია. რაც შეეხება რეისების შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე რეისები არ შეიზღუდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×