რეზონანსი
25.01.2020

მეგობარი ქალისთვის სექსუალური კავშირის იძულების, ოჯახში ძალადობისა და ადევნებისთვის მოსამართლემ კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ batumelebi.ge წერს.

განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი წყვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ქალმა კაცთან ურთიერთობა შეწყვიტა. კაცი მას თვეების განმავლობაში აიძულებდა შეხვედრას და სექსუალურ კონტაქტს. ერთ-ერთ ეპიზოდში, კაცი ქუჩაში შეხვდა ქალს და ხელი დაარტყა. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იქვე მყოფ ქალის არასრულწლოვან შვილსაც.

პროკურატურა ბრალდებულს ასევე ედავებოდა ადევნებას და სექსუალური კავშირის იძულებას „სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით".

„პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, იგი სისტემატურად უთვალთვალებდა მ-ს და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან... მუდმივად აკითხავდა ავტომანქანით, უსიგნალებდა და ხმამაღლა ეძახდა, რის შემდგომაც მ. ამყარებდა მისთვის არასასურველ კომუნიკაციას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს... წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, აშანტაჟებდა პირადი ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილს",- აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილმა ქალმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ყველაზე მძიმე, რასაც პროკურატურა ბრალდებულს ედავებოდა, სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლია - სექსუალური კავშირის იძულება, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა იგი 7 ათსი ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლემ ბრალდებულს შეფარდებული ჯარიმა - 10 ათასი ლარი 7 ათას ლარამდე შეუმცირა იმიტომ, რომ იგი დაახლოებით ორი თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

წყარო: Batumelebi.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×