რეზონანსი
21.01.2020

ახალი ვირუსის გავრცელების შემდეგ პეკინიდან თბილისში პირველი რეისი ჩამოფრინდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ, თუმცა ჩინეთის საზღვარზე მსგავსი შემოწმება რეგულარულად ხდება. ვიზიტორთა ნაწილს ვირუსის შესახებ არც კი სმენია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ინფორმირებულია, მგზავრობამდე ექიმთან თავისი ნებით მივიდა და დარწმუნდა, რომ ჯანმრთელია.

საქართველოში მგზავრების შემოწმების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, ამისათვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან. საერთაშორისო ექსპერტები კი ხვალ ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც გაარკვევენ, გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული მდგომარეობა. მათ დღეს ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მიიღეს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.

"ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ნამდვილად დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა უმრავლესობა ქალაქ უხანის მკვიდრია. გუანდუნიოს პროვინციაში კი ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. გარდა ამისა, ვირუსით დაავადებულია სამედიცინო პერსონალის რამდენიმე წევრიც, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტზე მეტყველებს," - აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ჟონგ ნანშანი.

მოქალაქეების დაცვის მიზნით, უხანის ხელისუფლებამ მასობრივი ტურიზმი აკრძალა. კერძოდ, ქალაქის მკვიდრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ. თუმცა, დაავადების ახალი შტამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი უკვე გაფართოვდა.

ვირუსი, ჩინეთის გარდა, იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, რომელთაც პირდაპირი მიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან. ვირუსის შემთხვევები ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა.

ახალი ვირუსით ინფიცირებულთა 300-ზე მეტი შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები კი ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. უცნობი დაავადებით უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×