რეზონანსი
17.01.2020

სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.

„კომერსანტი" თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში თითქმის სრულად გაყიდული პროდუქციის ნაკლებობის შესავსებად და ამ ეტაპზე სიტუაციის გამოსასწორებლად მუშაობენ.

„საწარმოები სამწუხაროდ მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ახალი წლის მანძილზე ქსელში ისე გამიყიდა პროდუქცია, რომ ამოვსება ვერ შეძლეს კომპანიებმა. ეს ზუსტად რისი ბრალი იყო ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ თუ არსებობს ბაზარზე მოთხოვნა, გაიზრდება მიწოდებაც. პროდუქციის წარმოება ყოველთვის შეგიძლია გაზარდო, მაგრამ რძის წარმოებას ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გაზრდი, ამას წლები სჭირდება - ამას სჭირდება პროდუქტიული საქონელი, დრო და ფინანსური ინვესტიცია. ყოველთვის ისე ხდება, რომ როცა დეფიციტია, რაღაცით უნდა შეივსოს, გაიზარდოს რძის ფხვნილის იმპორტი რათა დაბალანსდეს ბაზარზე სიტუაცია. სხვა გზა არ არის." - ამბობს კახა კონიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედა.

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×