რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს და პარტიის წევრ იმედა კლდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

ჯაფარიძის თქმით, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გასაჩივრებას ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, ვინც ესწრებოდა პროცესს, ნათლად ჩანდა, რომ ჩვეულებრივი ყალბი ჩვენებები იყო. როგორც ხდება პოლიციელების მხრიდან გაყალბებული იყო თვითონ პატაკი, რომელიც ორგვერდიანია და ცამეტ კაცზე არის დაწერილი. მოსამართლე როცა გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, ჩვენ პოლიციელებს ველაპარაკეთ და აღიარეს, რომ იტყუებიან. მიუხედავად ამისა, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრა მოსამართლემ გადასახდელად. ჩემს შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, არ დამიმტკიცდა, რაზეც იყო საუბარი, რადგან დაავიწყდათ, სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგობას ვუწევდი თითქოს პოლიციას, რაც არ ყოფილა",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სხვა პირებთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს და იმავე დღეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×