რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ განცხადება გააკეთა და ექიმის მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

თამილა ლაფანაშვილის თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც მოქალაქეებისგან გრძნობენ, ოჯახს და თავად ვაჟა გაფრინდაშვილს აძლიერებს.

ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ სოფელ ოძისიდან ოს ხალხს მიმართა.

„ყველაზე უმნიშვნელოვანესი, მინდა, მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს. საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც გვქონდა ჩვენს უერთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით.

მინდა, მივმართო, რომ ვაჟა რასაც ემსახურება, ეს არის პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ დახმარება და იციან, როგორი დახმარება, გვერდში დგომა იცის მან, მითუმეტეს პაციენტებზე ზრუნვა. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენლია, რომ ის ამ თავისი საქციელის გამო, ზის გამოკეტილი და ვიცით ჩვენ, რა საშინელ პირობებში. შეიძლება, პირობები ნორმალური აქვს, მაგრამ ის, რომ იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს" ,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა და ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×