რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) 15 წლის მოზარდის ძმა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სცადა, ამბობს, რომ მის არასრულწლოვან ძმას პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ.

მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც არასრულწლოვნის ძმა, ბექა ამბობს, თავად სამხედრო აკადემიაში სწავლობს და სამართალდამცველები მის ძმას აღიარებითი ჩვენების მისაღებად, მისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

"მე დედაჩემისგან ვიცი ეს დეტალები. დედაჩემი ესწრებოდა გამოკითხვას, თუმცა რაღაც მომენტში რამდენიმე წუთით გაყვანილი ჰყავდათ მარტო. როგორც ვიცი, ზეწოლის გარკვეულ მომენტებს შეესწრო. დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით. მე ვსწავლობ სამხედრო აკადემიაში, ეუბნებოდნენ შენს ძმას შევუქმნით პრობლემებს, ალბათ უთხრეს გამოვაგდებინებთო, არ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა იხმარეს", - ამბობს ბექა "ნეტგაზეთთან".

მისი თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მოზარდზე პოლიციაში ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა დაკითხვიდან არასრულწლოვანი ატირებული გამოვიდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა, რომელიც მეორე დღეს უარყო.

"ფიზიკურ ძალადობას, როგორც ვიცი, არ ჰქონია ადგილი. როდესაც ჩემი ძმა მარტო ჰყავდათ და ატირებული გამოვიდა, დედაჩემმა ჰკითხა ხომ არ დაურტყამთ, როგორც ვიცი, უარყო. მე ვიყავი გორში. ჩამოვედი მაშინ, როცა დააწვინეს საავადმყოფოში. ამ შემთხვევამდე მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე. თავისთავად, როცა პოლიციიდან გამოვიდა, ატირებული და შეწუხებული იყო. პირველ დღეს აღიარა, მეორე დღეს კი უარყო ყველაფერი", - დასძინა არასრულწლოვნის ძმა "ნეტგაზეთთან".

ბექას თქმით, მის ძმას პოლიცია სკოლის შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

საი-ს ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მასზე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადეს.

შსს-ში კი ამბობენ, რომ მოზარდი კედელზე წარწერების გაკეთების გამო, დაკითხვაზე ორჯერ დაიბარეს. მოზარდის დაკითხვა კი, მშობლის თანდასწრებით მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×