რეზონანსი
13.11.2019

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში დაკარგულ არასრულწლოვანზე ახალი დეტალები ვრცელდება.

მეზობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე გოგონამ სახლში წერილი დატოვა, სადაც მშობლებს შეატყობინა, რომ მასზე არ ენერვიულათ.

"გამოვიდა ხმა, რომ წერილი იპოვეს, სადაც ეწერა კარგად ვიქნებიო, დანარჩენი არაფერი ვიცით",- აცხადებს აბესალომ საბაშვილი.

გოგონას ბებია ამბობს, რომ მოზარდის მამა ვითარების გასარკვევად თბილისშია წასული, თუმცა ახალი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ აქვთ.

კლასის დამრიგებელი ფატიმა ბერიაშვილი თინიკოს დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, მოსწავლე მას პირადად დაეთხოვა, სასწავლო ნივთები აიღო და წავიდა.

"გუშინდელის შემდეგ ვფიქრობ, როგორ იქცეოდა, რაიმე განსხვავებულს ხომ არ ამჟღავნებდა. ნამდვილად, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია და ვერ ვიხსენებ. ბავშვური ხასიათი ჰქონდა, ნორმალურად სწავლობდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა", - ამბობს ბერიაშვილი.

სოფელ შილდის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თინიკოს კლასელების მონაყოლს იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი თბილისისკენ მიმავალი ტრანსპორტის შესახებ კითხულობდა.

"თბილისში ნამყოფი არ იყო და კითხულობდა, რა დროს გადიოდა სამარშრუტო. როცა ბავშვი აღარ გამოჩნდა დავუკავშირდი მძღოლს და ვკითხე, მწვანე ქურთუკიანი გოგონა, მოკლედ შეჭრილი თმით, ხომ არ ჩაუჯდა და გაჰყვა თბილისში,რაზეც მან მითხრა, რომ ზუსტად იგივე აღწერილობის გოგო თბილისში ჩაიყვანა და ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა", -ამბობს დაკარგული გოგონას დამრიგებელი.

საქმეზე გამოძიებას ისანი- სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: "რეგიონული კვირა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×