სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

      დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს სთავაზობს, კანონპროექტის მომხსენებელმა დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცეს და პირდაპირ კენჭისყრა გაიმართოს. აღნიშნულ შემოთავაზებას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წარმომადგენლები.

    „აქ სათამაშოდ არ ვართ. კითხვები დაისვა იმისთვის რომ მივიღოთ პასუხები. ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გთხოვთ, უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და შევთანხმდეთ ქვეყნის სწორ განვითარებაზე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კოლეგებს ხვალ დილით უმრავლესობის სხდომის ჩატარება შესთავაზა.

    „არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ კენჭი ვუყაროთ და ან ერთი აზრი გავიდეს, ან მეორე. გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ. რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ?" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ხვალ პლენარული სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში 12:00 საათზე დაიწყება. მან უმრავლესობის წევრებს სთხოვა, შეხვედრა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე უზრუნველყონ.

    „მეგობრებო, ხვალ 12 საათზე ჩვენ გვაქვს პლენარული სხდომა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა, გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები, სახელმწიფო, ქვეყანა. არის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს ვადებში. შესაბამისად, ხვალ სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში 12:00 საათზე განახლდება. თუ უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევთ, გთხოვთ, რომ ეს უზრუნველყოთ სხდომის დაწყებამდე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×