რეზონანსი
11.11.2019

 პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს, სამტრედიაში გარდაიცვალა.

"წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას "ბიბლიურმა თავისუფლებამ" გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს".

"ნეტგაზეთი" დაუკავშირდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას:

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×