რეზონანსი
11.11.2019

ქართულ-შვედური ფილმის ირგვლივ ხმაური არ წყდება. დღეს ირკვევა, რომ ფილმის რეჟისორი ლევან აკინი ახალ სკანდალში გაეხვა. მას მომჩივანები გამოუჩნდნენ, რომლებიც სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ფილმში მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა. დეკანოზი ჰყვება, რომ ქოიავას მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟურ ტრადიციულ სიყვარულზე იყო.

„ამ ფილმში სრულიად მოტყუებით გააბეს როგორც პატარა ბავშვები ასევე ხელოვნების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი. მოტყუებით ჩაწერეს ეს ადამიანები და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს და სჭირდებოდათ, რომ ერთ-ერთ სცენაში „წინწყარო“ ემღერათ. ჩვენ დაწყებული გაქვს კონსულტაციები იურისტებთან და მოვამზადებთ სარჩელს“, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

ფილმის კიდევ ერთი მონაწილის დედა ამბობს, რომ ის ფილმის შემქმნელებს სხვა მშობლებთან ერთად უჩივლებს და გამოძიებას დაელოდება. 

„ფილმი უნდა ამოიღონ.  ბიჭის მშობელი ვარ და შეიძლება წინ დახვდეს ბევრჯერ. ეს ფილმი ზოგადად აღარ უნდა იყოს ჩვენებაში. სასამართლოში ჩივილს ვაპირებ. მაშინ გვითხრეს, რომ ფილმის სათაური იქნებოდა „ყველამ დავიწყოთ ცეკვა“,- განაცხადა ზიზი ტოგონიძემ.

თეატრ „მეორე სახლის" ხელმძღვანელი, ნინო მესხი კი აცხადებს, რომ ფილმის გადამღები ჯგუფი ვალდებული იყო აეხსნა, რა ფილმზე იყო საუბარი.

„ფილმის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები გვიან ღამით დამიკავშირდნენ. ორი ბავშვი სჭირდებოდათ, ვინც ცეკვა იცოდა. დილით გადაღებაზე დავიბარე, მივეცი მშობლების ნომრები. ჩემი ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ ცეკვაზე იყო ეს ფილმი. ჩემი რიგი პასუხისმგებლობა მეკისრება ბავშვებთან და მშობლებთან. ვალდებულები იყვნენ, ერთი ფრაზით მაინც აეხსნათ ამ ფილმის შესახებ, თუკი თემა იყო ასეთი სენსიტიური. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდებოდი დღეს",- განაცხადა ნინო მესხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×