რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში გუშინ ჩაბარებულ „მუქარის წერილის" დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას".

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წერილი დალუქულია.

„დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი" და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×