რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) კასპში, 7 თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წაუყენეს.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

დვალიშვილის ადვოკატი პირველ არხთან აცხადებს, რომ დაცვის მხარე აპირებს, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვოს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სოციალურად და სამართლებრივად რომ გითხრათ, თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამტყუნდება აღნიშნულ მუხლში, მას სასამართლო მიუსჯის მინიმუმ შვიდ წელს. მას შეეძლება, რომ შვიდი წლის მერე ნახოს საკუთარი შვილის საფლავი. რაც შეეხება არასრულწლოვანს, რომელსაც მსჯავრი ედებოდა საკუთარი შვილის მკვლელობაში, მას მიესაჯა ექვსი წელი და შემიძლია გითხრათ, რომ მას შეუძლია ხუთ წელში ნახოს შვილის საფლავი. ეს არის ის სოციალური სამართლიანობა სადაც დღეს ჩვენ გვიწევს სამართლებრივად ბრძოლა.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას და აღმკვეთის ღონისძიებას, აღკვეთის ღონისძიება ჩაინიშნა უახლოეს საათებში ან დღეებში. ჩვენ ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოვითხოვოთ ჩემი დაცვის ქვეშ დატოვება. რადგან საქმეზე წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული ვარაუდით ის ფორმალური საფუძვლები, რასაც ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების ნებისმიერი სახე. სამწუხაროდ, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის არ არის ცნობილი რას ითხოვს პროკურატურა, ვნახავ აღკვეთის შუამდგომლობას", - განაცხადა დვალიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა.

კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არასრულწლოვანია, მოსამართლემ სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×