სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.08.2019

     (რეზონანსი) ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში ბრალი დაუზუსტეს. ბრალდებულებმა საგამოძიებო უწყების შენობა დატოვეს და მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

    ბადრი ჯაფარიძე პასუხიმგებლობას მთავარ პროკურორს აკისრებს.

    „გრძელდება ჩვენი დევნა, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. თვითონ ბრალი, რომელიც ჩვენს მიმართ არის წაყენებული არის სრულიად აბსურდული ცილისწამება, ის შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და მის ამაში დადანაშაულებას. უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწრაფის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს. მისი ხელდასმით ხდება ეს და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა! ჩვენ არ ვეფარებით არაფერს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

    მამუკა ხაზარაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის დევნა და მზად არის წავიდეს ციხეში.

    „მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების ან ნებისმიერი ქმედების. მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების" იმ ახალგაზრდა წევრებს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება?ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმის ადვოკატია ზვიად კორძაძე, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა გირაოს სახით უკვე გადაიხადეს 700-700 ათასი ლარი. დღეს კი ყადაღა გაასაჩივრეს.

    „ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა", - განაცხადა კორძაიამ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×