
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის ადვოკატი გილერი ენდელაძის ინფორმაციით, გამოძიება ომარ გამყრელიძის მეუღლის მკვლელობას, მათ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება. რაც შეეხება შემთხვევის დროს მოკლულ დანარჩენ 4 ადამიანს, ადვოკატის განმარტებით, მათ საქმეზე არაფერია ცნობილი.
„ბრალი, რაც ჰქონდა ომარ გამყრელიძეს 5 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, მოხსნილია. როდესაც საქმე გადავიდა სასამართლოში, ბრალი მოუხსნეს მკვლელობაზე და დაუტოვეს მხოლოდ მეუღლის მკვლელობაში დახმარება. მკვლელი პროკურატურის აზრით, არის შვილი ნოდან გამყრელიძე. იგივე უაზრობამდე მივიდნენ, ანუ მამა დაეხმარა შვილს მოეკლა დედა და ძმა? ამაზე მტკიცებულებები არ აქვთ, მოწმე არ არსებობს“,- აღნიშნა ადვოკატმა.
გილერი ენდელაძის მტკიცებით, მკვლელი გამყრელიძეების ოჯახის არც ერთი წევრი არ არის და ის არ გამორიცხავს, რომ 5 ადამიანის მკვლელობა, დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილის ნოდარ გამყრელიძის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„ჩემი აზრით, ეს უნდა უკავშირდებოდეს ნოდარ გამყრელიძის ცხოვრებას. ის 90-იანი წლებიდან სამხედრო პირი იყო, სპეცრაზმშიც მსახურობდა, ლაფანყურის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. არ არის გამორიცხული მის საქმიანობას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი და სწორედ ნოდარისთვის მივიდნენ ყანდაურაში. ვიმეორებ, პროკურატურას მოწმეები არ ჰყავს. უბრალოდ ეს საქმე როგორღაც მოათრიეს სასამართლომდე“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.